როგორც თავად ამბობს, ცხოვრების ერთ-ერთი თეორიაა ,,მოძრაობა ქმნის ახალს’’ , გამომდინარე აქედან არ ჩერდება. მუდმივად ახლის მაძიებელს შემოვლილი აქვს საქართველოს სოფლების თითქმის ოთხმოცი პროცენტი, იღებს ყველაფერს, იღებს დღედაღამ, იღებს ყველა ჟანრს და მიიჩნევს, რომ ფოტოსურათი მაშინ არის საინტერესო, როდესაც ის გვესაუბრება ღირებულებებზე.
ზურა, უკვე რამდენიმე თვეა გაყიდვაშია წიგნი, ,,საქართველოს ღირებულებები’’, რომელიც მოგვითხრობს ქართულ კულტურაზე, თანამედროვეობასა და გამოწვევებზე, როგორც ვიცი თანაავტორი შენც ხარ.
დიახ, ჩემს გერმანელ მეგობარ, პროფესორ ჰანს-გიუნტერ ლიდნერთან ერთად ვარ თანაავტორი წიგნისა „საქართველოს ღირებულებები“. წიგნი ეხება საქართველოს, რომელიც არის დინამიური ქვეყანა, მუდმივი ცვლილებებით. ომების და არეულობის მიუხედავად ახერხებს სრულიად თანამედროვე ციფრულ საზოგადოებაზე გადასვლას. მის ბირთვს სწრაფი და გონივრული ქმედების და მომავლის მკაფიო მიზნების მქონე, გლობალურად მოაზროვნე ახალგაზრდები ქმნიან. სწორედ ამის ჩვენება ვცადეთ ნებისმიერი მკითხველისთვის, ვინც ჩვენს წიგნს დაიჭერს ხელში. წიგნს საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და უკვე ჩვენთანაც იყიდება.
ამჟამად რამდენიმე ბეჭდურ პროექტში ვარ ჩართული. 2019 წელს დაგეგმილია ჩემი მონაწილეობით შედგენილი კიდევ ორი წიგნის პრეზენტაცია.
რატომ დაგაინტერესა ფოტოგრაფიამ?
ცნობილი ფილმიდანაა ფრაზა „ბედნიერება მაშინაა ნამდვილი, როცა სხვას უზიარებ“. ფოტოგრაფიისადმი ჩემი ინტერესის დიდი წილი ადამიანებისთვის იმის გაზიარებაა, რასაც სუბიექტურ, მაგრამ მაინც ღირებულებად ვთვლი. კამერაში გამოხატვის მრავალფეროვნებას ვხედავ. ყოველდღიურობა ხშირად გვაიძულებს ვერ შევამჩნიოთ ჩვენს ირგვლივ მყოფი დადებითი დეტალები, რაც ნამდვილი, ბუნებრივია. კამერა საშუალებაა გააზიარო დადებითი იმპულსები, რომელიც უკეთესს გხდის. ამით კი, მიაღწიო შენს ირგვლივ არსებული სივრცის უკეთესობას.
ზურა, რა არის შენი, როგორც ფოტოგრაფის ინსპირაცია?
ინსპირაცია ყოველ წუთიერი და მოულოდნელია. ის, ძირითადად, ადამიანების იმპულსებისგან მომდის. ყველა მათგანი ხომ ასეთი თავისებურია, განსაკუთრებული. მათთან ურთიერთობის ემოციებიც სხვადასხვაა. სხვა ადამიანი ყველაზე ძლიერი მოტივატორია. დამატებითი ინსპირაცია შეიძლება მიიღო ქალაქებისგან, მოგზაურობისგან, სხვა ფოტოგრაფების ნამუშევრებისგან. კონკურენციის განცდაც ძლიერი მოტივატორია. ემოციების გამოცოცხლებაში ძალიან მეხმარება მუსიკა. ყოველი ხუთი წუთის შემდეგ ახალ როლში ყოფნა, ახალი განწყობით მხოლოდ მუსიკის წყალობით შეიძლება.
რომელ სიმღერას ღიღინებ ყველაზე ხშირად?
Nick Cave - Into My Arms
რომ არა ფოტოგრაფი ვინ იქნებოდი?
აუცილებლად არქიტექტორი. გარემოს შექმნა და სივრცეში გამოხატული ინდივიდუალიზმი - ეს ის თვისებებია რაც არქიტექტორის პროფესიაში მომწონს.
ფოტოხელოვანთა წრეში საუბრობენ, რომ ერთნაირად კარგად შეგიძლია ყველა ჟანრში მუშაობა.
გადასაღები მოედნების მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა კუთხით შევხედოთ ჩვენთვის ყველაზე კომფორტულ ჟანრს. აღმოვაჩინოთ ახალი დეტალები. პიროვნების ზრდისთვის გამოწვევების გადალახვა, კომფორტის ზონის დატოვება ახალ საფეხურზე ასვლაა. ყოველი გადაღება ინდივიდუალური, სპეციფიურია, მაგრამ წინა გადაღებების გამოცდილებებზეა დაყრდნობილი. სხვადასხვა ჟანრის სპეციფიკის ცოდნა კონკრეტულზე მუშაობას გვიადვილებს. სიამოვნებით ვიღებ რეპორტაჟს, აქ ყველაზე მეტი აზარტია, ყურადღების მოდუნებას არ გპატიობს. ლანდშაფტის გადაღებისას მოთმინებაა აუცილებელი - საათობით იდგე ერთ წერტილზე და ელოდო შესაბამის განათებას. ათასობით კილომეტრები მაქვს გავლილი კონკრეტული ხედის გადასაღებად. მოდელთან ფოტოსესიაზე წარმატებული შედეგის მისაღწევად მეტი წილი მხატვრულ კრეატივზე მოდის. კერძების გადაღებისას კი, გამომგონებლობას ეთმობა ყურადღება და ა.შ. ყველა ჟანრს თავისი გამოწვევა აქვს. ეს ლავირებაც სწორედ ამითაა საინტერესო.
ზურა, როგორ ფიქრობ, რა ეტაპზეა ფოტოხელოვნება საქართველოში? როგორ შეაფასებდი დღევანდელ დღეს ამ სფეროში?
მხოლოდ ჩემი პროფესიის კუთხით თუ შევხედავთ, მაშინ ძალიან მახარებს ქართველი ახალგაზრდების ასეთი აქტიურობა ფოტოგრაფიაში. ჩვენ გვყავს ბევრი კარგი ფოტოგრაფები და მომწონს ის გარემო, სადაც კონკურენცია ყოველდღიურად იზრდება. ეს აუცილებელია ხელოვანისთვის, რომელიც ცდილობს მაქსიმალური შედეგის დადებას.
შეგიძლია გაიხსენო, გადაღება, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე?
ამ პროფესიაში ბევრი ტიპის ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა. გარემო საკმაოდ მრავალფერონავია - მაღალი რანგის დელეგაციებიდან დაწყებული სოფლის ღელეებით დამთავრებული. ყველა სიტუაციისთვის მუდმივი მზადყოფნა აუცილებელი და სავალდებულოა. ამასთან, თუ სწორი კუთხით შეხედავ, არ არსებობს მოსაწყენი გადაღება. მთავარი, გადასაღები მოედნის ღირებულებების მართებულად განსაზღვრაა. გამოწვევებისთვის მზად მყოფ ფოტოგრაფს ისტორიებიც შესაბამისი გიგროვდება. რამდენიმე კადრის მისაღებად არაერთხელ აღმოვჩენილვარ სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციაში, ადამიანური მუქარის თუ ბუნებრივი კატაკლიზმების გამო. განსაკუთრებით რეპორტიორ ფოტოგრაფს, საკუთარი თავის შეცოდება სარგებელს არ მოგიტანს. ეს ის პროფესიაა, რომელიც გამძლეობის მაქსიმუმს ითხოვს. მახსოვს, პრემიერთან გადაღების დროს შემთხვევითობით მუხლზე სერიოზული ჭრილობა მივიღე, რომელიც დღემდე მაწუხებს. სისხლით გავსებული ფეხსაცმლის მიუხედავად გადაღება ბოლომდე დავასრულე. იყო შემთხვევა, როდესაც მე და ჩემს მეგობარ, პროფესორ ჰანს-გიუნტერ ლიდნერთან ერთად ზეკარის უღელტეხილის გადასაღებად წავედი. ორ საათად დაგეგმილი მოგზაურობა, ძლიერი ქარბუქის გამო რამდენიმე დღიანად იქცა. მინუს თხუთმეტ გრადუსში თოვლის საფარის წმენდა ძლიერი ქარიშხლით, ქურთუკის გარეშე. უწყლობის გამო ორი დღე ავტომობილის შუშის კონდესატისგან ვიღებდით სითხეს. ასეთ პირობებში, სამაშველო ჯგუფის გამოსაძახებლად საკმაოდ დიდი მანძილი გავიარე ფეხით, წითელი მგლების სიახლოვეს.
მიყვარს ისტორიების შეგროვება, მაგრამ რთულია გამოვყო ყველაზე შთამბეჭდავი გადაღება.
საინტერესოა, როგორია შენი დღის განრიგი?
ყოველი დღე თავისებურია, მაგრამ გეტყვით როგორია ჩემი იდეალური დღე - გათენებამდე ვდგები, ჩანთაში ვალაგებ შესაბამის კამერას, ვჯდები ავტომობილში და მივდივარ წინასწარ შერჩეული ადგილისკენ. ეს პროცესი ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც ნამუშევარი ჩანაფიქრის იდენტური გამოდის. ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე შემიძლია ესეთი დღეები ხშირად ვაჩუქო ჩემს თავს და ამით ბედნიერი ვარ.
როგორ ფიქრობ რა არის მთავარი თვისება იმისთვის, რომ შედგე პროფესიონალ ფოტოგრაფად?
ხშირად მსმენია ფრაზა „მე რომ კარგი კამერა მქონდეს...“ კამერის მახასიათებლები მხოლოდ აიოლებს შედეგის მიღებას, მაგრამ არაფრით განსაზღვრავს პროფესიონალიზმის ხარისხს. ფოტოგრაფის ამოცანა გამზიარებლის შთაბეჭდილება, მასში გარკვეულის ემოციის აღძვრაა. ჩვენი საუკუნის ადამიანში გააღვიძო ემოციები - რთული საქმე გახდა. ადამიანმა ყველაფერი ნახა და ამბობს, რომ ყველაფერი იცის, მაგრამ პროფესიონალი ფოტოგრაფი მუდმივად უნდა ეძებდეს სიახლეს, რომელიც საზოგადოებისთვის განსაკუთრებული და ამით საინტერესო იქნება. ჩემი ერთ-ერთი თეორია ღირებულებების ძიებაა. ნებისმიერ გადასაღებ მოედანზე ვეძებ ამ ღირებულებებს და ვცდილობ სწორედ ეს გადავიღო.
როცა პირველად შეგხვდი, არ ჰგავდი ქართველს, ხშირად გეუბნებიან ამას?
უცნობის მხრიდან პირველი სიტყვა თითქმის ყოველთვის არის -Hello. ამის გამო ბევრ კურიოზულ სიტუაციაში მოვხვედრილვარ. ხშირად პროფესიაშიც მეხმარება. ბევრ ადგილას გადამიღია მხოლოდ იმის წყალობით, რომ უცხოელი რეპორტიორი ვეგონე. ამის მიუხედავად, თუ მესაუბრებიან აუცილებლად ქართულად ვპასუხობ. ჩემი გარეგნობა მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე „ბოროტად“. მცხეთობას, გადაღებების გამო გვიანობამდე შემოვრჩი თბილისში, როდესაც ავედი წირვა უკვე იწყებოდა, მცხეთის მისადგომი გზებც გადაკეტილი იყო. მე კი, აუცილებლად უნდა მქონოდა კადრები. საპატრულო ეკიპაჟისგან საშვის მოსაპოვებლად მხოლოდ ავტომობილის შუშის ჩამოწევა, კამერის ჩვენება და სიტყვა Press-ის აქცენტით თქმა დამჭირდა.
რას ურჩევდი დამწყებ ფოტოგრაფებს?
თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით კარგი ფოტოს მიღება მნიშვნელოვნად გაიოლდა. დღეს აღარავის უკვის გამართული ფოტო. პროფესიონალებს შორის შეჯიბრი გამომგონებლობაზე და მხატვრულ ესთეთიკაზეა. ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნები, გაეცნონ რაც შეიძლება მეტ ფოტოს, იცოდნენ რა არის გაკეთებული, რომ აქედან გამომდინარე შექმნან ის სიახლე, რაც მხოლოდ მათი იქნება, რითაც უნდა გამოირჩეოდნენ.
სად ხედავ საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ?
რთულია დახაზო გასავლელი გზა, ყოველდღიური იმპულსებით გვაძლევს ახალ მიმართულებებს. ყველა მიმართულება თავისთავად საინტერესოა. გამოწვევების მიღება და მათი გადალახვა მნიშვნელოვანია. გარკვეული გზის ვერ გავლაც მნიშვნელოვანი გამოცდილებაა შემდეგი გზის მოძებნისთვის. არასდროს მიყვარდა უკვე შექმნილის გამეორება. ამიტომ, როცა გაუვლელ გზაზე ხარ, რთული სათქმელია, სადამდე მიგიყვანს ის. გამართლებული დანიშნულების პოვნა შესაძლებლობებიდან გამომდინარე სწორი მიმართულებით მუშაობაა. არ არსებობს მუშაობისთვის იდეალური გარემო, ან განწყობა. შენი თავი შესასრულებელ ამოცანაზე უნდა მოარგო. საქმეს არასდროს აინტერესებს შენი ცუდი ან კარგი პერიოდი. ამოცანა ერთნაირად ხარისხიანად უნდა სრულდებოდეს.
თქვენს კითხვაზე პასუხისთვის ათი წლის შემდეგ უნდა შევხვდეთ.
სპეციალურად "ნიუპოსტისთვის"
ზურაბ ცერცვაძის ფოტოხელოვნება:
მასალის გამოყენების პირობები