ამ ეტაპზე რაც საპარლამენტო კულუარებში ზუსტად გავარკვიეთ, არის ის, რომ ბესელიას გუნდში იქნებიან გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე. „ამბოხებულთა გუნდში“ შეიძლება, ასევე, ვიხილოთ ბექა ნაცვლიშვილი და რუსლან პოღოსიანიც.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბესელია აქტიურად მუშაობს ლევან კობერიძისა და ნუკრი ქანთარიას გადასაბირებლადაც, ამ უკანასკნელს არ დაუმალავს, რომ გარდამტეხი საკითხი სწორედ მოსამართლეთა ხელახალი სია იქნება.
„თუ ვინმემ იფიქრებს ვინმეს გაპარებს, ეს იქნება ძალიან ცუდი“- თქვა ქანთარიამ მოსამართლეების საკითხზე საუბრისას.
ბიძინა გეგიძეც მათ შორისაა ვინც „მოვლენებს აკვირდება“, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, მას ამ ეტაპზე გამოკვეთილი პოზიცია არ აქვს.
„როცა გადაწყვეტილებას მივიღებ, გაიგებთ“- უთხრა „ნიუპოსტის“ჟურნალისტს დეპუტატმა.
ბესელიას ფრაქციაში, სავარაუდოდ, ვიხილავთ გია ჟორჟოლიანს, რევაზ არველაძესა და დეპუტატ შოთა შალელაშვილს, რომელმაც ფრაქცია „მრეწველები“ უკვე დატოვა და უმრავლესობასაც, სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში დაემშვიდობება.
კულუარული ინფორმაციით, კონსულტაციებში ჩართულია ზაზა პაპუაშვილიც, თუმცა ამას „ნიუპოსტთან“ ოფიციალურად არ ადასტურებს.
დეპუტატმა გვითხრა: „დღეს „ოცნების“ დატოვებას არ ვაპირებ, ვნახოთ, რა იქნება ხვალ“.
უმრავლესობიდან წასვლა რომ გადაწყვეტილი აქვს, არ დაუმალავს ამირან წიკლაურს.
„ჩემი გადაწყვეტილება უახლოეს ხანში გაჟღერდება. ეკა ბესელიასთან კონულტაციებს არ ვადასტურებ, მე გასვლაზე ვსაუბრობ ჩემს მეგობრებთან პარლამენტში. არც დავით ჭიჭინაძესთან მივდივარ, მოლაპარაკებებია ჩემს მეგობრებთან, ღირს თუ არა წასვლა“- გვითხრა წიკლაურმა.
„ნიუპოსტმა“ გაარკვია ისიც, რომ ეკა ბესელია კონსულტაციებს პოლიტიკოსებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებთანაც აწარმოებს. დეპუტატი უახლოეს თვეებში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნასს აპირებს, რომელიც 20-20 -სთვის პარტიად ჩამოყალიბდება და პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებს.
ამ მიმართულებით ბესელიას გუნდში სავარაუდოდ, ძმებ გაჩეჩილაძეებს ვიხილავთ. სხვათა შორის „უცნობმა“ ბიძინა ივანიშვილი ღიად გააკრიტიკა. პოეტი დავით მაღრაძეც ბესელიას გუნდის წევრად მოიაზრება.
სანდო წყაროს ინფორმაციით, ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანიც ბესელიას გუნდის წევრები ხდებიან.
ფაქტია, რომ "ქართული ოცნების“ რღვევა უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება, მეტიც, ერთ-ერთ ბოლო "სხადნიაკზე" ივანიშვილს უთქვამს, რომ უახლოვეს მომავალში, დიდი წმენდა და რეორგანიზაციაა დაგეგმილი სამთავრობო სტრუქტურებში. წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილი, უკმაყოფილო და გაბრაზებულია, როგორც მთავრობის წევრების, ისე „ოცნების” დეპუტატების "უნიათი" მუშაობით?!
ამის გათვალისწინებით, ძნელი მისახვედრი არ არის, რა ბედი ელით "დაშლილ უმრავლესობაში" დარჩენილ ე.წ. ახლების გუნდს, რომელებიც სრული შემადგენლობით ივანიშვილმა დღეს როსტომ მეფის სასახლეში დაიბარა.
მასალის გამოყენების პირობები






