კერძოდ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების კოორდინატორებს საარჩევნო უბნებთან ხელთ ჰქონდათ ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სიები. გამოითქვა ეჭვი, რომ საქმე ეხებოდა ე.წ. სამაგიდო სიებს, რომლებიც უკანონოდ იყო მოპოვებული.
ინსპექტორის აპარატმა საკითხის შესწავლის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციით გაარკვია, რომ 2018 წელს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფოტოსურათებიანი ვერსია საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, 2018 წლის განმავლობაში 11 სუბიექტს, მათ შორის, 6 პოლიტიკურ გაერთიანებას და 5 დამკვირვებელ ორგანიზაციას გადაეცა.
იმას, თუ ვის აქვს ამომრჩეველთა ერთიანი ფოტოსურათებიანი სიის კანონიერად მოპოვების უფლება, მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, კანონით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვთ, გაეცნონ ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. ამასთან, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსია დასახელებულ პირებს გადაეცემათ მხოლოდ ელექტრონული სახით. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი, ხოლო ელექტრონული სახით გადაცემული მონაცემების შემდგომი დამუშავება, მაგ. დაჯგუფება, საარჩევნო უბნის თუ სხვა კონკრეტული ნიშნით თავისუფლად არის შესაძლებელი.
ინსპექტორის აპარატი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ამ კუთხით კიდევ ერთხელ შეფასდეს მოქმედი რეგულაციები და გამოწვევები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით გატარდეს შესაბამისი სამართლებრივი და პრაქტიკული ღონისძიებები საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტებისა და უსაფრთხოების ზომების მისაღებად, არაპროპორციული მოცულობით და არაუფლებამოსილი პირების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების პრევენციისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






