საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, იგი ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არ ცვლის და მისთვის იგი გადაყენებულია.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა დადგეს დღის წესრიგში კობახიძის გადაყენების საკითხი, ფოფხაძემ განაცხადა, რომ საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა, არ არის გამორიცხული, პოზიციების შეჯამების შემდეგ მოითხოვონ პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენება:
"მე მიმაჩნია ირაკლი კობახიძე, რაც პარლამენტის თავმჯდომარეა, ყველაფერს აკეთებდა იურიდიულ კომიტეტში, რომ გაემყარებინა იმ ადამიანების პოზიცია, ვინც შემდეგ ლობირებდნენ მისამართლეების სიას. ამის გარდა, ის ბოლო პერიოდში, როცა სია იყო წარმოდგენილი, მიზანმიმართულად, მაქსიმალურად ცდილობდა ამ სიის გასვლის უზრუნველყოფა მოეხდინა. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს, დღეს ეს არ მგონია აქტუალური იყოს, მაგრამ შესაძლოა, დღის წესრიგში დაისვას. ეს დამოკიდებული იქნება პოზიციების შეჯერებაზე, თუმცა გეტყვით, რომ ჩემთვის ის გადაყენებულია. პარლამენტის თავმჯდომარედ მას არ ვთვლი. ჩემთვის მიუღებელია მისი პოლიტიკური, მორალური და ადამიანური ქცევა და დამოკიდებულება პარლამენტისა და კოლეგებისადმი," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






