პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებლის, მურმან დუმბაძის განცხადებით, ასეთი დიდი გაერთიანება ერთი იდეის გარშემო, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მილიონი ხელმოწერის შეგროვება გამოსავალი პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა, დუმბაძე აცხადებს, რომ პროგრამა შესრულებადია:
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პროგრამა შესრულებადია, ასეთი დიდი გაერთიანება, განსხვავებული პოლიტიკური პარტიებისა, ბოლო 25 წლის განმავლობაშ, მას შემდეგ რაც სახელმწიფი აღვადგინეთ, არ მახსენდება. ეს არის თემატური გაერთიანება. აქ ლაპარაკი არის საარჩევნო სისტემის ერთმნიშვნელოვან კომპონენტზე, ეს არის საარჩევნო ფორმა. ჩვენ ყოველთვის პარლამენტში და წარმომადგენლობით ორგანოში გვყავდა ორი მოთამაშე, ეს არის სახელისუფლებო პარტია და მეორე, ოპოზიციური პარტია, გარედან პარლამენტში შესული. ჩვენ ისე უნდა მოვახერხოთ, რომ სამართლიანობას მაქსიმალურად მივუახლოვდეთ და საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს არჩევანის უფლება, მისი პოლიტიკური არჩევანი ასახული იყოს წარმომადგენლობით ორგანოში, ამის შანსი არსებობს და არსებობს ამის შანსი თავად ხელისუფლებაშიც, მე ვიცი იქ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საარჩევნო სისტემა არის შესაცვლელი საარჩევნო ფორმულასთან ერთად. ვფიქრობთ, რომ ხელმოწერების შეგროვება უნდა დავიწყოთ, შედეგი აუცილებლად დადგება და მადლობელი დავრჩები, თუ ამის თანამონაწილე ხელისუფლებაც გახდება“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






