როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი, თბილისში, ქუთაისში, ბათუმდა და ჭიათურაში განტავსებული ავტომატური სადგურებიდან მიღებული მონაცემების ცხრილებიდან იკვეთება, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, თითქმის ყველა დამაბინძურებლის კონცენტრაციები საკმაოდ ხშირად აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმებს სხვადასხვა ლოკაციაზე. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების პრობლემის სიმწვავეს და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულების, და მის საფუძველზე, ჰაერის დაბინძურების შემცირების ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობაზე მიუთითებს.
დამაბინძურებლებიდან, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებს მიეკუთვნება: ავტოტრანსპორტი, ენერგეტიკული სექტორი, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და მშენებლობა. ანგარიშში საუბარია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობაზე, ქვეყანაში არსებულ საწვავის ხარისხზე, სამშენებლო სამუშაოების დროს გაფრქვეული ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურებაზე და ა.შ
როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი ბოლო პერიოდში განხორციელებული მრავალი სახის პოზიტიური ცვლილებისა, ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით საქართველოში არსებული კანონმდებლობა სათანადოდ ვერ პასუხობს ამ თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს. შედეგად, ქვეყანაში ვერ ხერხდება დაბინძურების მიზეზებისა და მისი შედეგების სიღრმისეულ ანალიზი და შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს მოქმედი გარემოსდაცვითი რეგულაციების აღსრულების მიმართულებითაც.
ამდენად, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და პრევენციისთვის, აუცილებელია, არსებული მონაცემებისა და საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, დროული და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას როგორც საკანონმდებლო, ისე პოლიტიკის დონეზე. სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციებით მიმართავს
საქართველოს პარლამენტს:
• დროულად უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების შეტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის სანქციების გასამკაცრებლად;
• ასევე, უზრუნველყოს შესაბამისი დამატებების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერულ ჰაერზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე სამშენებლო საქმიანობის თანმხლები უარყოფითი ზემოქმედების ეფექტიანი პრევენციის მიზნით. მათ შორის, დაწესდეს სანქციები ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის, მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეუფუთავად განთავსებისთვის, სამშენებლო მოედანზე ამტვერებადი მასალის განთავსებისა და ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირებისთვის.
საქართველოს მთავრობას:
• დროებითი ღონისძიების სახით, დამტკიცდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამა გარდა თბილისისა, სხვა მუნიციპალიტეტებისთვის, დაბინძურების დონის გათვალისწინებით;
• ევროკავშირის დირექტივებთან სრულად მისასადაგებლად, ცვლილებები შევიდეს „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ 2004 წლის 31 დეკემბრის No124 დადგენილებასა და „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ 2005 წლის 28 დეკემბრის No238 დადგენილებაში;
• საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის No121 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის“ შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს მიენიჭოთ შესაძლებლობა, შეისყიდონ ჰიბრიდული ან/და ელექტროძრავიანი ავტომობილები.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს:
• უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების გატარება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/50/ EC და 2004/107/EC დირექტივების დებულებათა სრულად შესასრულებლად. მათ შორის, დროულად შესრულდეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი შემდეგი ვალდებულებები: ქვეყნის ტერიტორიის ზონებად და აგლომერაციებად დაყოფა და კლასიფიცირება; ჰაერის დამაბინძურებლებთან მიმართებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების რეჟიმის დადგენა შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით; ჰაერის ხარისხის გეგმების შემუშავება იმ ზონებისა და აგლომერაციებისთვის, სადაც დაბინძურების დონე ზღვრულ/მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება;
• „სამრეწველო გაფრქვევების კონტროლის შესახებ“ კანონის პროექტში, მისი დებულებების ასამოქმედებლად გონივრულად მოკლე ვადები გაიწეროს და მოხდეს აღნიშნული კანონის პროექტის დროული ინიცირება საქართველოს პარლამენტში;
• დროულად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა, მათ შორის, გაიზარდოს მონიტორინგის სადგურების რაოდენობა და ისინი განთავსდეს ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, განისაზღვროს ტექნიკური რეგლამენტით - „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით“ გათვალისწინებული ყველა მავნე ნივთიერების კონცენტრაცია და დაინერგოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემა.
• სოფლის მეურნეობის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და შემცირების მიზნით, დროულად მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს:
• გაუმჯობესდეს დადგენილ ნორმებთან შეუსაბამო ხარისხის საწვავის მიწოდების მონიტორინგის სისტემა. მათ შორის, კიდევ უფრო გაიზარდოს იმ ავტოგასამართ სადგურთა რაოდენობა, რომლებიდანაც წლის განმავლობაში განხორციელდება როგორც საავტომობილო ბენზინის, ასევე დიზელის სინჯების აღება, სრულყოფილად შეფასდეს საწვავში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული ყველა ნივთიერების მოცულობითი წილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
• დროულად დაინერგოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა გამოვლენისა და მათზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას:
• ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, მაქსიმალურად დროულად განხორციელდეს მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკის სრულად
განახლება და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე გადასვლა; ამასთან, მაქსიმალურად იქნას თავიდან არიდებული არსებული ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დიზელის საწვავზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლება;
• დროულად იქნას ინიცირებული საქართველოს პარლამენტში სამშენებლო პროცესისა და სამშენებლო მოედნების რეგულირების მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მომზადებული ცვლილებები.
მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოებს:
• უზრუნველყოფილ იქნას ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებლის ზუსტი მონაცემების განსაზღვრა, აღნიშნული მაჩვენებლის შეფასების სტანდარტის დადგენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება გამწვანებულ საჯარო სივრცეებზე სათანადო ხელმისაწვდომობის გარანტირების მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები






