იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი სულხან სალაძის განცხადებას 10 მოსამართლის გაწვევის შესახებ, სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
მეთოფიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკოსებს ძალადობრივ და ანტიკონსტიტუციურ მიდგომებში ადანაშაულებს:
“მე ადრე უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან გრძელდება თავხედი და ზღვარგადასული თვითნებობა სასამართლოს სისტემის და მოსამართლეების მიმართ!
ასევე, არაერთხელ ვთქვი, რომ სიტუაცია ყოველ დღე უარესობისკენ მიდის! ამ ადამიანების მოწოდებები სულ უფრო და უფრო ძალადობრივი, ანტიკონსტიტუციური და უკანონო ხდება! შესაბამისად ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და საგამგაშოა! საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს გიგაურის მოწოდება ძალადობისკენ, რომლის შედეგად ორმა ადამიანმა ქუჩაში ჩემზე თავდასხმა განახორციელეს!
ასევე, ადრე არაერთხელ მოვიყვანე მაგალითები იმ განცხადებების, სადაც პოლიტიკური მიზნებისა და კერძო ინტერესების მისაღწევად ზოგიერთი პოლიტიკოსი და NGO-ს წარმომადგენელი არ ერიდება არაფერს, უპასუხისმგებლო განცხადებებით თესავენ შუღლს და სიძულვილეს მოსამართლეების და ზოგადად სასამართლოს მიმართ! ხალხს და ხელისუფლებას მოუწოდებენ მოსამართლეების მიმართ ძალადობისაკენ!!! არაერგზის განვაცხადე, რომ შექმნილმა ვითარებამ საშიშ დონეს მიაღწია!
არაერთხელ მივმართე ხელისუფლებას, უცხოელ პარტნიორ ორგანიზაციებს და ყველა საღად მოაზროვნე სუბიექტს რათა მოეხდინათ შესაბამისი რეაგირება და არ ყოფილიყვნენ პასიური მაყურებლის როლში!!!
სამწუხაროა, მაბრამ არც ერთ ჩემს განცხადებაზე არანაერი რეაგირება არ მომხდარა...
და აი პოლიტიზირებული NGO-ს კიდევ ერთი საოცარი, გაუგებარი და უკანონო მოთხოვნა - პოლიტიზირებული არასამთავროები სასამართლო სისტემიდან მინიმუმ 10 მოსამართლის გაშვებას ითხოვენ(!?) ანუ, “კოლექტიური სალაძეები” ითხოვენ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის სრული დაცვით დაკომპლექტებული კონსტიტუციური ორგანოს, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელოვნურად დაშლას!!!
საინტერესოა როგორ წარმოუდგენია სალაძეს ასეთი დაშლა??? ამ მინიმუმ ათი მოსამართლის გაშვება რა სამართლებრივი გზით უნდა მოხდეს??? და თუ არ არსებობს გაშვების სამართლებრივი გზა, მაშინ გაშვების რა გზას გვთავაზობს სალაძე??? “კოლექტიური სალაძეები” თავის თავს უფლებადამცველებად მიიჩნევენ, თუმცა ეს “უფლებადამცველები” ადამიანის უფლებების დარღვევას მოითხოვენ!!! პარადოქსია არა???
რა თქმა უნდა სალაძე ამ კითხვებზე ვერ გვიპასუხებს.
სალაძის ასეთი მოთხოვნა (ათი მოსამართლის გაშვება სასამართლო სისტემიდან) მახსენებს 90-ან წლებში განვითარებულ “თვითნებობას”!
ჩემი აზრით მსგავსი მოთხოვნებით ჩვენს ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს პოლიტიზირებული არასამთავრობო სექტორის დიქტატურა! დიქტატურა საშიშია ნებისმიერი ფორმით! დარწმუნებული ვარ ეს არ მოხდება, ვინაიდან ჩვენი საზოგადოება უცხოელი პარტნიორების დახმარებით, დიქტატურას არ დაუშვებს!!!”, - წერს სერგო მეთოფიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






