მისი თქმით, მას იმ საკითხებზე საუბარი, რის თაობაზეც პარლამენტშია მოწვეული, საკომიტეტო ფორმატში მართებულად არ მიაჩნია.
გვენეტაძის მოსაზრებას იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, დღევანდელ ფორმატში „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე პროცესების განხილვა, შესაძლოა, დამაზიანებელი იყოს.
„ის, რაც მან (გვენეტაძემ) ბრძანა, სრულიად არგუმენტირებულია. ვფიქრობ, რომ რეგულაციებთან დაკავშირებით მართლაც უპრიანი იქნება, ლოგიკურიც არის, მინიმუმ ერთი კვარტალი იყოს გასული“, - განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენებას, არჩილ თალაკვაძის თქმით, ის ეთანხმება კობა გვენეტაძის არგუმენტებს, რომ საკითხის პირდაპირი განხილვა უპრეცედენტოა და ეწინააღმდეგება ბანკსა და რეგულატორს შორის ურთიერთობის პრინციპებს.
„ამ ფორმატში პირდაპირი განხილვა უპრეცენდენტოა და ვფიქრობ, იმ თანამშრომლობის სულისკვეთებას და პრინციპებს, რაც უნდა არსებობდეს რეგულატორსა და ბანკს შორის, ეწინააღმდეგება. მეორე ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სხვა არგუმენტებიც, იმიტომ, რომ საქმე ეხება ქვეყნის ერთ-ერთ სისტემურ ბანკს, ღია განხილვა, მათ შორის იქნება ალბათ ისეთი ინფორმაციაც ამ განხილვაში საჭირო არგუმენტაციისთვის, რომელიც კომერციულ საიდუმლოს ან ბანკისთვის რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელოვან ხასიათს ატარებდეს. შესაბამისად, ამ არგუმენტში ვეთანხმები ეროვნულ ბანკს, რომ ამ ფორმატში შესაძლოა დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემაც გამოსვლის დიდი ნაწილი ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო.
"ცოტა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტებს, არ დავაზიანოთ მთავარი, არ ვიფიქროთ ჩვენს პოლიტიკურ ინტერესზე"- მიმართა მან ოპოზიციას.
"არც ირონია და არც რაღაცნაირი გაბრაზებული დამოკიდებულება არ არის საჭირო. ადამიანმა, რომელიც წარსდგა პარლამეტის წინაშე თქვა ორი რამ - პირველი ის, რომ რეგულაციებთან დაკავშირებით მინიმუმ ერთი კვარტალი მაინც უნდა იყოს გასული, რომ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ და მეორე, იმ საქმეზე, რაზეც ჩვენმა კოლეგებმა მოიწვიეს ბატონი კობა პარლამენტში, არ არსებობს პრაქტიკა მსოფლიოში, როცა რეგულატორი და შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტი, ან კერძო პირები და ა.შ. ერთად, ღია ფორმატში განიხილავენ მსგავს საკითხებს და მათ შორის საკომიტეტო მოსმენის დროს. თუ არსებობს ასეთი, დაგვისახელონ. მე როგორც ვიცი, ასეთი რამ არ არსებობს, იმიტომ რომ, ეს დამანგრეველია ფინანსური სექტორისთვის, დამაზიანებელია ეროვნული ბანკისთვის, არ ჯდება იმ პრინციპებში, რომლითაც ხელმძღვანელობს რეგულატორი და აქედან გამომდინარე, მარტივია იმის აღქმა, რომ ასეთი ფორმატი არის დამაზიანებელი. ამიტომ, ცოტა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ არგუმენტებს, არ დავაზიანოთ მთავარი, არ ვიფიქროთ ჩვენს პოლიტიკურ ინტერესზე. ამიტომ, მივიღოთ გადაწყვეტილება ეს არგუმენტები გასაზიარებელია თუ არა“,- აღნიშნა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






