„ქართული ოცნების“ რიგებში მიმდინარე მოვლენებს, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა.
პრემიერის თქმით, მმართველ გუნდს პარლამენტში აქვს მყარი უმრავლესობა და ასე გაგრძელდება:
„მინდა დავადასტურო ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მიმართ. მე ვარ დარწმუნებული, რომ ის იდეალები, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს და რისთვისაც მივიღეთ საზოგადოების მხარდაჭრა 2012 წელს, ეს დემოკრატიის კონსოლიდაცია აუცილებლად წარმატებით შესრულდება, ვინაიდან სწორედ ეს ფასეულობები გვაერთიანებს ჩვენ.
მე ვფიქრობ, რომ პლურალიზმი არის ჩვენი გუნდის მონაპოვარი. მე მთავრობის წინა სხდომაზეც აღვნიშნე, რომ ჩვენ შევცვალეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელი და ჩვერ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. შესაბამისად, რაც ხდება მე სწორედ განვიხილავ ამ კონტექსტიდან. ეს არის პლურალიზმი, ეს არის ჩვენი მონაპოვარი და დემოკრატიის ძალიან ბუნებრივი პროცესი. მე ამაში არაფერ ტრაგიკულს არ ვხედავ.
ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი უმრავლესობა პარლამენტში და ბუნებრივია, ეს ასეც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, პლურალიზმი იქნება დადებითი მოვლენა ჩვენი დემოკრატიისთვის, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულაციებს, რაც ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე, რა თქმა უნდა, მე ამას ვერ დავეთანხმები. ეს საფუძველს მოკლებულია. „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






