საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცახადებით, არსებობს გარკვეული ხარვეზები ტრანსპორტსა და ზოგადად, ლოგისტიკაში, რომლის გამოც, საქართველო ევროკავშირთან ვაჭრობას კიდევ უფრო მეტად ვერ ზრდის:
„5 მარტს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს რიგით მე-5 შეხვედრა, რომელსაც წელს საქართველო თავმჯდომარეობს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ფორმატი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, რომელიც დაწყებულია და მიმდინარეობს წარმატებით. საბჭოზე უმაღლეს დონეზე იქნება განხილული ჩვენი საზოგადოებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი თემა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩვენ ეკონომიკურ პოლიტიკას, განათლების სისტემას და იმ მასშტაბურ რეფორმას, რომელსაც ვახორციელებთ განათლების სექტორში, ასევე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობას, მნიშვნელოვან აქცენტს გავაკეთებთ შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის გაძლიერებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კუთხით არსებობს გარკვეული ხარვეზები ტრანსპორტში და ზოგადად, ლოგისტიკაში, რომელიც ხელს გვიშლის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ვაჭრობა ევროკავშირთან და კიდევ უფრო მეტად ვისარგებლოთ იმ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან. ამ კუთხით ცალკე ფორმატი იქნება შავ ზღვაზე ეკონომიკური ურთიერთობის ინტენსიფიკაციის მიმართულებით. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმ რეფორმებზე, რომელსაც განვახორციელებთ დემოკრატიის მეტი კონსოლიდაციისთვის. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ის აგრესიული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ასევე, ამ პროცესში საჭიროა ევროკავშირის როლის გაძლიერება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






