„გვწამს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყო ქართული ბიზნესი და უნდა იყვნენ ქართველი მეწარმეები. შესაბამისად, დიალოგს მთავრობასა და ბიზნესს შორის აქვს განსაკუთრებული, კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი. რამდენიმე დღის წინ „ფიჩმა“ გაზარდა ჩვენი საკრედიტო რეიტინგი და დღევანდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ ვართ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, ვისაც ეს რეიტინგი გაუზარდეს. მოგეხსენებათ, რომ გასული წლის მეორე ნახევარი იყო განსაკუთრებით რთული რეგიონისთვის და შესაბამისად, ეს წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ეს წარმატება განპირობებულია სწორედ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობით, რომელიც არსებობს ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის მიერ წამოჭრილი ყველა ინიციატივა აუცილებლად იქნება შეთანხმებული კერძო სექტორთან:
„მე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი ყოფილიყო სწორედ წარმოდგენილი კერძო სექტორის მიერ, რატომ? იმიტომ, რომ მწამს, თქვენზე უკეთ არავინ არ იცის, რომ გვაქვს დასახვეწი საკანონმდებლო ჩარჩოში, რა ინიციატივები არის განსახორციელებელი, რომ საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვავითაროთ. ბიზნესომბუდსმენს, როგორც ინსტიტუტს, ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ჩვენ აუცილებლად უნდა ვგრძნობდეთ მაჯის ცემას 24-საათიან რეჟიმში, თუ რა აწუხებს ბიზნესს, რა საკითხები არის ოპერატიულ რეჟიმში გადასაჭრელი და ამავე დროს რა ნაბიჯები გვაქვს ჩვენ გადასადგმელი იმ თვალსაზრისით, რომ შევქმნათ კიდევ უფრო უკეთესი ბიზნესკლიმატი საქართველოში. მეორე წარმატება, რომელიც ვფიქრობ, არის ამავე დროს ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი, ეს გახლავთ ის, რომ საქართველო არის მე-6 ადგილზე „დუინგ ბიზნესის“ (doing bussines) რეიტინგში და ეს არის გლობალური წარმატება. მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ ერთობლივი მუშაობით ეს შევძელით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






