რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ 58 წლის ჯუმბერ გოგოხიას ოკუპირებული ტერიტორიიდან ენგურის ხიდზე გადმოსვლის უფლება არ მისცეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ყველა საჭირო დოკუმენტი თან ჰქონდა, თუმცა ოკუპანტებმა მას „ფორმა 9“ მოსთხოვეს, ალტერნატივად კი ქრთამის გადახდა შესთავაზეს. იმის გამო, რომ გოგოხიას არ ჰქონდა თანხა, მან ითხოვა ენგურის ხიდზე გადასვლის ნებართვა, თუმცა უარი მიიღო.
აღნიშნულს შელაპარაკება მოჰყვა. ჯუმბერ გოგოხია ოკუპანტებმა საგუშაგოს შენობაში შეიყვანეს, სადაც მამაკაცმა გონება დაკარგა, არსებული ინფორმაციით მან ინსულტი მიიღო. რუსმა ჯარისკაცებმა გალიდან სასწრაფო გადმოიყვანეს და გალში გადაიყვანეს გონება დაკარგული ჯუმბერ გოგოხია. მისი გადმოყვანა ზუგდიდში სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ გვიან ღამით მოხერხდა.
6 დღის განმავლობაში ექიმები ცდილობდნენ მამაკაცის მდგომარეობიდან გამოყვანას, თუმცა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახი ოკუპირებული გალის სოფელ ფიჩორში ცხოვრობს, ისინი ოკუპანტებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები






