„მგონია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თქვას, რომ ვიდრე პარლამენტი არ მიიღეს კანონებს, ისინი არ დანიშნავენ და არ განაწესებენ მოსამართლეებს უვადოდ.
აქ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა – როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუკი საბჭო ასე არ მოიქცევა და თუკი საბჭო ამ პირობას არ შეასრულებს? თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკლე დროში არ გააკეთებს განცხადებას უვადოდ დანიშვნების შეჩერების თაობაზე, ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის ის, რომ პარლამენტმა გამოიწვიო ხუთივე წევრი, რომლებიც ჩვენ დავნიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
მოსამართლეები ჩვენ მიერ დანიშნული წევრების გარეშე ვერ მიიღებენ ვერანაირ გადაწყვეტილებას. ეს არის გამოსავალი. ისინი ყველა მოსამართლეს ნიშნავენ სწორედ ჩვენს მიერ დანიშნულ საბჭოს წევრების მხარდაჭერით და მათი ხმებით. კონსტიტუციის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის, რომელსაც წარადგენს საქართველოს პარლამენტი გათვალისწინებულია საკმაოდ მაღალი კვორუმი. ახლა მინდა, მათ შორის ოპოზიციასაც მივმართო – ეს კვორუმი არის 3/5 და ეს ამ სიტუაციაში ძალიან მაღალი კვორუმია. იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის საბჭო განაგრძობს დანიშვნას მოსამართლეების, ვიდრე ჩვენ მივიღებთ კანონს და თუ ისინი არ იტყვიან და არ დადებენ პირობას იმის თაობაზე, რომ შეაჩერებენ ამ პროცესს და დაელოდებიან პარლამენტს და გამოიჩენენ სწორედ იმ ინსტიტუციურ პატივისცემას, რომელზეც არაერთხელ იყო ამ დარბაზში საუბარი, ჩვენ უნდა დავნიშნოთ მაღალი კვორუმით ხუთი ისეთი ადამიანი იუსტიციის საბჭოში, რომლის მიმართაც საზოგადოების ნდობა იქნება მაღალი და რომელთა გადაწყვეტილებებშიც ვიქნებით დარწმუნებული იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი გზა და არანაირი მექანიზმი, რომ სისტემიდან გავიყვანოთ ის ადამიანები, ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ საზოგადოების პროტესტი არის ძალიან მაღალი.“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის თქმით, ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირადად მისი რეკომენდაციით არის, ამიტომ მას არ სჭრიდება ოპონენტებისგან ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანეზაშვილის საბჭოში ყოფნა. ჩუგოშვილის თქმით აღნიშნულ ინიციატივა მას არავისთან ქონია შეთანხმებული და ის აპირეს კონსულტაციები ქონდეს ნაზი ჯანეზაშვილთან, არასამთავროო ორგანიზაციებთან და კოლეგებთან მმართველ გუნდში.
ჩუგოშვილის ინიციატივას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ნაზი ჯანეზაშვილი, ის მზადყოფნას აცხადებს დატოვოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მხოლოდ იმ პირობით თუ მოსამართლის თანამდებობებს დატოვებენ ლევან მურუსიძე და
„მე პარლამენტმა ამირჩია 2017 წლის ივნისში 108 ხმით, რაც არსებობს საბჭოში არამოსამართლე წევრის ინსტიტუტი მე მივიღე ყველაზე მეტი ხმა, ანუ მე მხარი დამიჭირა როგორც „ქართულმა ოცნებამ“ ასევე „ევროპულმა საქართველომ“. იმ პერიოდს რაც მე საბჭოს წევრი ვარ, მუშაობა იყო ძალიან რთული, ასევე ეს იყო შეტევების დიდი კამპანია, რომელსაც ახორციელებდნენ მოსამართლე წევრები, შემდეგ კი მათ შეუერთდა პარლამენტის წევრი ვანო ზარდიაშვილიც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მანდატი არის ძალიან დიდი, ის ნიშნავს მოსამართლეებს პირველ და მეორე ინსტანციაში და ნომინირებას აკეთებს მოსამართლეების კანდიდატებისა იმისათვის, რომ არჩეული იქნენ უზენაესი საასამართლოს მოსამართლეები. საბჭოს როლი კონსტიტუციით არის გაზრდილი მაგრამ რამდენად მზადყოფნაში შეხვდა თავის როლს საბჭო თავისი შემადგენლობით და კეთილსინდისიერებით ეს ცალკე საკითხია“- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ჯანეზაშვილის თქმით, ვიცე-სპიკერის განცხადება ნიშნავს იმას რომ პარლამენტი რთული მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებს, ამიტომ ის მზად არის გამოსავლის მოძებნაში დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეს:
„მე ამ გამოწვევას ვღებულობ, მზად ვარ კონსულტაციები გავიარო საკითხის ინიციატორთან და ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა გამოსავალი უნდა იყოს შექმნილ ვითარებაში მაგრამ აქვე უნდა ითქვას სიმართლეც. სიმართლე არის ის რომ საბჭოს არამოსამართლე წევრები სერიოზულ გავლენას ახდენენ საბჭოს გადაწყვეტილებებზე, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს ისეთ არამოსამართლე წევრებზე, რომლებიც არ გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით. ორი ადამიანი შოთა ქადაგიძე და ზაზა ხარებავა არიან დაახლოებულები კლანის წევრებთან და მათი ხმები მოსამართლე წევრებს გარანტირებული აქვთ მოსამართლეთა დანიშვნისას. გარდა ამისა საბჭოს წევრი არის ლევან გზირიშვილიც, რომელიც ჩემი ინფორმაციით ამ სისტემაში მოხვდა ეკა ბესელიას რეკომენდაციით, პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველამ თუ როგორ მოხვდნენ ეს ადამიანები ამ სისტემაში, რადგან ისინი ცხადია, რომ საბოლოო შედეგს ზიანს აყენებენ.“- განაცხადა ჯანეზაშვილმა.
მისი თქმით, საბჭოს წევრების მიმართ მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური და არა კოლექტიური.
„ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას კოლექტიურად, ინდივიდუალურად ვაძლევთ ხმას და ინდივიდუალურად ვართ პასუხისმგებელი ჩვენს ნაბიჯებზე და გადაწყვეტილებებზე . აქედან გამომდინარე, ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის პარლამენტის კენჭისყრაზე გატანა იქნება ჩემთვის შეურაცხმყოფელი და პარლამენტისთვისაც გამოუსწორებელი შეცდომა, რადგან მე მიმაჩნია რომ ჩემი უფლებამოსილების განხორციელებისას ვხელმძღვანელობდი დიდი პასუხისმგებლობით და იმ პრინციპებით, რომელიც საჭიროა დემოკრატიული ფასეულობებზე დამყარებული სასამართლოს შექმნისთვის. ამიტომ მხოლოდ იმ შემათხვევაში, თუ მოსამართლეების თანამდებობებიდან გადადგებიან მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები , არ ვგულისხმობ საბჭოს წევრობიდან გადადგომას, იმავე დღეს მე დავწერ განცხადებას ჩემი გადადგომის შესახებ და წარვუდგენ პარლამენტს. გამოსავალი არის იმაში, რომ წავიდეს კლანი სისტემიდან და არა ის რომ ღირსეული ადამიანები წავიდნენ. უნდა იყოს ინდივიდუალური მიდგომა.“- აღნიშნა ჯანეზაშვილმა.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება. ამ დროისთვის პარლამენტის კვოტით დანიშნული წევრები არიან: შოთა ქადაგიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, ირმა გელაშვილი, ზაზა ხარებავა, ლევან გზირიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






