ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიუსელში შეხვედრები გამართეს. მათ შეხვედრების ფარგლებში მედიასა და სასამართლო სისტემაში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს. ერთ-ერთი მთავარი თემა „თიბისი ბანკის“ საქმეც იყო.
საია-ს ხელმძღვანელის სულხან სალაძის განცხადებით, ხელისუფლებას კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს:
„აქ არ არის საუბარი ერთ ყოფით შემთხვევაზე, აქ საუბარია საბანკო სფეროზე, რაც ერთ-ერთი გარანტია უნდა იყოს ქვეყანაში სტაბილურობის, ამიტომ მგონია, ხელისუფლებას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა. რეალურად ქვეყანაში, სადაც არსებობს პროკურატურის პრობლემა, სასამართლოს მიმართულებით, რა თქმა უნდა, იქ მოლოდინი რომ პროცესი წარიმართება ღიად და გამჭვირვალედ, დაბალია,“-ამბობს საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ევროპელი პარტნიორებისგან კონკრეტული მითითებები უნდა მიიღოს.
„სასამართლო სისტემა და განვითარებული მოვლენები, ეს არის, რა თქმა უნდა, „თიბისი ბანკის“ საქმე და არის ასევე სახელმწიფოს მიტაცების სავარაუდო ტენდენციები ჩვენს ქვეყანაში, ყველას მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა და ამ ინსტიტუციებმა მიუთითონ საქართველოს მთავრობას იმ პრობლემებზე, რომელიც გაგვაჩნია“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






