„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. შედეგად, უზენაეს სასამართლოში დამატებით 18 ვაკანსია გაჩნდა. შეიცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენის წესიც. წარდგენაზე უფლებამოსილი ორგანო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გახდა.
კონსტიტუციის ახალი ნორმების ამოქმედებამდე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასული წლის ივლისში რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში 43 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. ამის შემდგომ, 24 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების სია, რომელიც 10 მოსამართლისგან შედგებოდა.
ამ პროცესების კვალდაკვალ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობებზე თვეების წინ გამოცხადებული კონკურსი ხელოვნურად შეაყოვნა – 7 თვეა მოსამართლეთა კონკურსი უშედეგოდ მიმდინარეობს.
ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საბოლოო ეტაპზე გადასული 78 კანდიდატიდან გასაუბრება 77-ს ჩაუტარდა. დარჩენილ ერთ კანდიდატთან გასაუბრებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ან ვერ ატარებს, რადგან ბოლო კანდიდატთან გასაუბრების დასრულებისთანავე კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთო ჯამში მხოლოდ 10 სამუშაო დღე აქვს იმისათვის, რომ გასაუბრების შემდგომ მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კენჭისყრა ჩაატაროს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასაუბრების მთელი პროცესი ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ფრაგმენტულად მიმდინარეობს.
ცხადია, ახლა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის ხელსაყრელი არ არის რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლეა ან უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წელი აქვს დარჩენილი, ისინი თავად მონაწილეობენ კონკურსში, რათა ამ გზით გადაინაწილონ თანამდებობები და გავლენები როგორც უზენაეს სასამართლოში, ასევე სასამართლოს ქვედა ინსტანციებშიც.
ნაცვლად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის გზით მოსამართლეთა კორპუსის ახალი კადრებით შევსებაზე ზრუნავდეს, კონკურსს შიდა გადაადგილებისა და ე.წ. კლანის გასაძლიერებლად იყენებს და აფერხებს როგორც მოსამართლეთა რაოდენობის, ასევე სასამართლოს ეფექტიანობის ზრდას“,-ნათქვამია ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის განცხადებაში.
დოლიძე-ჯამეზაშვილის განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა განცხადებით უპასუხეს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მოვლენათა დამახინჯებულ ინტერპრეტაციას:
„19 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების გადადების გამო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს ქვედა ინსტანციებში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი შეაყოვნა. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მოვლენათა დამახინჯებულ ინტერპრეტაციას, რადგან:
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა 2018 წლის 30 ივლისს და კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობდა 31 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიმდინარეობდა ინფორმაციის მოძიებისა და შესწავლის ეტაპი, რომელიც მოიცავს 2 თვეს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ საბჭომ დაიწყო კანდიდატებთან გასაუბრება, რომელიც ეტაპობრივად მიმდინარეობდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაესაუბრა კონკურსში მონაწილე 77 კანდიდატს. ბოლო გასაუბრება ჩატარდა მიმდინარე წლის 28 იანვარს. აღნიშნულ დღეს იგეგმებოდა გასაუბრების ეტაპის დასრულება, რაც ვერ მოხერხდა ერთ-ერთი კანდიდატის მიზეზით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების არსებობის გამო.
აღნიშნული პროცესის პარალელურად საბჭოს მიერ ხორციელდებოდა სხვადასხვა უფლებამოსილებები, კერძოდ: საბჭო გაესაუბრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის 115 კანდიდატს, განხორციელდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა 8 მოსამართლის მიმართ, წარიმართა 3 წლის ვადით დანიშნული 13 მოსამართლის საქმიანობის შეფასება და ამ ეტაპზე იგივე პროცედურა მიმდინარეობს 15 მოსამართლის მიმართ, ამასთან ყოველკვირეულ რეჟიმში ტარდება საბჭოს სხდომები და ხორციელდება საბჭოს სხვა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები.
შესაბამისად, ბრალდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეგნებულად აჭიანურებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ყოვლად უსაფუძვლოა. უფრო მეტიც, აღნიშნული წარმოადგენს საზოგადოების თვალში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მთლიანად სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობას.
ამასთან, გაუგებარია ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც საბჭოს აღნიშნული წევრები ხელმძღვანელობენ მოსამართლეთა დანიშვნებთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული წევრები ერთის მხრივ აქტიურად ეწინააღმდეგებიან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს და ამასთან, ითხოვენ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსის დაჩქარებას, რომლის საბოლოო შედეგი სწორედაც მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნაა.“- ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






