ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი - საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის განცხადებით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი მზად იყო დეკანოზი შეეწყალებინა. „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში მეუფე დანიელმა განმარტა, რომ მას აღნიშნული მარგველაშილმა სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა, თუმცა განმარტა, რომ მარგველაშვილი შეწყალების კომისიის რეკომენდაციას დაელოდა, რაც უარყოფითი აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ არ მოხდა დეკანოზის შეწყალება:
„მე ვესაუბრე გიორგი მარგველაშვილს დღეს და დამიდასტურა, რომ ასეთი მზაობა მას ჰქონდა და დამიდასტურა ჩემი ვარაუდიც, რომ მას ამაში რაღაც პროცედურებმა ხელი შეუშალა. მე ვგულისხმობდი სასამართლოს, გამოძიების და პროკურატურის მიზეზებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას ეხება.
ეს ეხება პრეზიდენტის აპარატში მოქმედ შეწყალების კომისიას. არის ასეთი წესი, რომ კომისია განიხილავს და რეკომენდაციას აძლევს პრეზიდენტს. მან დამიდასტურა, რომ ის მზად იყო შეწყალებისთვის, მაგრამ დაელოდა რეკომენდაციას და ბრძანა, რომ რეკომენდაცია არ იყო დადებითი, ეს იყო ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.
მასალის გამოყენების პირობები






