პროფესორი, პარლამენტის ყოფილი წევრი, ნესტან კირთაძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას სთხოვს:
"შეიწყალეთ მამა გიორგი, თქვენო უწმინდესობავ!!!
დამლოცეთ, თქვენო უწმინდესობავ, ყველაზე რთულ ვითარებებში და ხშირად მეკითხებოდით ხოლმე _ რას ფიქრობთ ნესტან, თქვენი აზრი მაინტერესებსო.
თქვენის ნებართვით, ახლა ამ ფორმით გეტყვით ჩემს სათქმელს:
.....
უცოდველი არავინ ვართ, მათ შორის არც მამა გიორგი მამალაძე, მაგრამ იგი მკვლელი არ არის, თქვენო უწმინდესობავ;ეს ახალგაზრდა კაცი ყველაზე მძიმე წარმოსახავაშიც კი ვერ წარმოიდგენდა მიმსგავსებულსაც კი და თქვენ ეს იცით, გრძნობთ, გითქვამთ კიდეც;
მამა გიორგის ციხე კი არ აშინებს, მამა გიორგის უსამართლობა, ბოროტ და ანგარებიან კაცთა მიერ დაგებული ხაფანგების ლაბირინთები აშინებს და ანადგურებს ყოველდღე;
გავა დრო და მართალნიც და მოსეირენიც, ჩასაფრებულნიც და მოწყალენიც ერთხმად იტყვიან ამას.
იტყვიან კია, მაგრამ დღეს და ახლააა მოლოდინი თქვენი პატრიარქული სიტყვის და მოწყალების.
.....
შეიწყალეთ მამა გიორგი, თვენო უწმინდესობავ!!!
ყურს ნუ მიუგდებთ , საპატრიარქოს კარის ,, მწიგნობრებს’’ და ფარისევლებს.
ყურს ნუ მიუგდებთ თქვენთან სტუმრად მოსულ ჩინებს.
ახლა თქვენს გულს მიუგდეთ ყური_ პატრიარქის მოწყალე გულს.
ჯვარზე გაკრულ ქრისტეს მიუგდეთ ყური.
იმ ილიას, იმ დიდი კაცის და უდიდესი ქართველის, უგვირგვინო მეფის და უმიტრო პატრიარქის თანამოაზრეს და მეუღლეს _ ოლღა გურამიშვილს მიუგდეთ ყური, რომელმაც ერის მამის ნამდვილი მკვლელების შეწყალებაზე მიმართა მთვრობას;
მამა გიორგი არ არის მკვლელი. ბოროტ და ანგარებიან კაცთა მიერ დაგებული ხაფანგების ლაბირინთებში გახლართული ძეშეცთომილია მხოლოდ.
გთხოვთ, თქვენს სწავლებას _ მიმტევებლობაზე_ მიუგდეთ ყური.
ახლაც პატრიარქის ჯვრის სიმძიმეს გაუსწორეთ თვალი.
გჯეროდეთ, რომ მორწმუნე და შემწყნარებელი ქართველობაც შემოუდგება თქვენს მძიმე ჯვარს და გაზიდვინებთ ბოლომდე, სიყვარულით!!!
.....
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, თქვენო უწმინდესობავ !!!
ღმერთმა დალოცოს განსაცდელში მყოფი მამა გიორგი მამალაძე!!!
ღმერთმა სიყვარული მოგვმადლოს!!!
ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო _საქართველო, ამინ!!!
უდიდესი სიყვარულით და სასოებით
ნესტან ელისაბედ კირთაძე
17 თებერვალი 2019 წლისა
დედაქალაქი"
მასალის გამოყენების პირობები






