ქართველი მოსამართლეების ფეშენებელური სახლები - მოსამართლეები მილიონრების დასახლებიდან.
„შაბათის კურიერმა“ მოსამართლეების აგარაკებს და სახლებს მიაგნო, საუბარია მილიონობით ლარის ქონებაზე, რომელიც ახლო ნათესავებზეა გაფორმებული.
საგურამოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სახლი ოფიციალურად მიხეილ ჩინჩალაძის დედაზეა გაფორმებული. თეთრი სახლი, მუქი ფერის სახურავით, 1500 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. ორსართულიან სახლს რამდენიმე აივანი და ვერანდა აქვს. კურიერის აეროგადაღების კამერიდან კარგად ჩანს სახლის წინ გამწვანებული ეზო დეკორატიული მცენარეებით და დიდი აუზით, რომელშიც წყალი ჯერ არ ასხია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, მერაბ გაბინაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტში, წითელსოფელში, არაგვის პირას მდებარე აგარაკის მფლობელია. საცხოვრებელი სახლი 3-სართულიანია. აივნები და ხედი მდინარე არაგვის ხეობაზე იშლება. მთებით გარშემორტყმულ სივრცეში თეთრი სახლი გამორჩეულია. წითელუბანი პრესტიჟულ სააგარაკე დასახლებად ითვლება.
იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრსა და მოსამართლე რევაზ ნადარაიას ორსართულიანი სახლი აქვს სოფელ დიღომში. ნადარაიას აპარტამენტები სხვა მოსამართლეებისგან სრულიად განსხვავებულია. თეთრი სახლს დიდი ვიტრაჟები აქვს, ფასადი ქართული აგურით არის მოპირკეთებული. ნახაზებიდან ჩანს, რომ სახლს აქვს რამდენიმე საძინებელი, სამზარეულო და სასტუმრო ოთახი კი პირველ სართულზეა, რომელიც მეორე სართულს შიდა კიბით უკავშირდება. მოსამართლე ნადარაიას სახლის ნულოვან სართულზე აქვს ავტოფარეხი, მარანი და სათავსო.
სახლის აშენება და რემონტი, რომელიც ჯამში 330 კვადრატულია, ორი წლის წინ 100 ათასი დოლარი დაუჯდა. მიწის ნაკვეთი კი მოსამართლემ რამდენიმე წლით ადრე 32 700 დოლარად იყიდა.
მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრი, ვასილ მშვენიერაძე, კერძო საცხოვრებელს ლისის მწვანე უბანში იშენებს. პირველ სართულზე იქნება მისაღები ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილებით, მეორე სართულზე კი - რამდენიმე საძინებელი განთავსდება. მოსამართლე მშვენიერაძემ 400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2013 წელს 37 ათას ლარად იყიდა.
დეკლარაციის მიხედვით, მშვენიერაძეს ასევე აქვს თბილისის ცენტრში, ვაკეში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ორი ბინა - 45 და 92 კვადრატული მეტრის ფართობის და ბინა საბურთალოზე, რომელიც მისი ცოლის სახელზე ირიცხება და მასში რამდენიმე წლის წინ 80 ათასი დოლარი გადაიხადეს.
სრული ვერისა და წყარო - "რუსთავი 2" - "შაბათის კურიერი"
მასალის გამოყენების პირობები






