საჭირო ცვლილებებისთვის ოპოზიციას 200 ათასი ხელმოწერა სჭირდება.
„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ მოქალაქეების ხელმოწერებს 21 პარტია ყველა მუნიციპალიტეტში შეაგროვებს.
„20-ზე მეტი პოლიტიკური პარტია არის მობილიზებული, რათა შეაგროვოს ჩვენი მოქალაქეების ხელმოწერები ყველა მუნიციპალიტეტიდან და საქართველოს პარლამენტს გააგონოს მილიონი მოქალაქის ხმა, რომ მათ არ უნდათ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული სისტემის დატოვება და არ უნდათ ის, რომ ხელისუფლება იპარავდეს ყოველ არჩევნებზე, დაახლოებით, 25 პროცენტს მანდატებისა,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ეს გაფრთხილება იქნება:
„ეს იქნება ხელისუფლების გაფრთხილება ხალხის მიერ, რომ კეთილი ინებონ და შეასრულონ ხალხის სურვილი, ნუ ებღაუჭებიან ხელისუფლებას და ქვეყანაში ჩატარდეს ძალადობისგან თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საკანონმდებლო ორგანოში საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, რომელიც 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებებს წარადგენს.
დღესვე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საინიციატივო ჯგუფს სპეციალურ ფორმას გადასცემს, რომლის მეშვეობითაც ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება უნდა მოხდეს. რის შემდეგაც ოპოზიცია მილიონი ხელმოწერის შეგროვებას დაიწყებს.
მასალის გამოყენების პირობები






