საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულიას თქმით, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიმართ ბრალდებები საკმაოდ სერიოზულია, რაშიც სამართალდამცავი უწყებები უნდა გაერკვნენ. ეკონომიკის მინისტრი „თიბისი“ ბანკის საქმეს, როგორც კერძო სექტორზე პოლიტიკურ ზეწოლას გამორიცხავს.
„სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში, ეს არის მათი პრეროგატივა. და საჭიროა გარკვევა. ამას ვერანაირად ვერ დავაბრალებთ მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს. მე არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა კერძო ბიზნესზე ზეწოლაა, რადგან სერიოზული ბრალდებებია, რომელთაც ფაქტობრივი მტკიცებულებები აქვს. შესაბამისად, საკითხში უნდა გაერკვნენ ორგანოები, რომელთა ფუნქციასაც წარმოადგენს ამის გარკვევა. სამწუხაროდ, მეტს ვერ ვიტყვი, ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა“- განაცხადა გიორგი ქობულიამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით "თიბისი ბანკის" მმართველობიდან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ჩამოაცილეს. აღნიშნულს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. ამ გადაწყვეტილების შედეგად ერთ ღამეში "თიბისი ჯგუფის" აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე საგრძნობლად დაეცა.
მასალის გამოყენების პირობები






