თბილისის ცენტრალურ გამზირებზე მწვანე საფარის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერიასა და კერძო მესაკუთრეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლა-პატრონობის ღონისძიებების გატარებასა და ახალი ნერგების დარგვას გულისხმობს.
დოკუმენტზე ხელმომწერთა შორის „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი „კლინიკების განვითარების კომპანიაც" არის. მემორანდუმის ფარგლებში დაავადებული ხეების ახლით ჩანაცვლება „კლინიკების განვითარების კომპანიის" საკუთრებაში არსებული ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზეც მოხდება. მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლის ღონისძიებებს ერთობლივი ძალებით უზრუნველჰყოფენ.
ფიტოსანიტარიული ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით, ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით ტარდება. „ცენტრალურ გამზირებზე ხეების დაავადებების ყველაზე დიდი კერები გვაქვს - გამხმარია ყელა ფიჭვი. ის ფიტოსანიტარიული ღონისძიებები, რომლებსაც ჩვენ მიმდინარე წელს ვატარებთ, აუცილებელია, რათა დაავადებები არ გავრცელდეს მთელი თბილისის მასშტაბით და ეკოლოგიური კატასტროფა არ მივიღოთ“, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ.
მემორანდუმის მიზანია, დაავადებული და გამხმარი ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების, მათ ნაცვლად ახალი ნერგების დარგვისა და დაავადების გავრცელების პრევენციის გზით, თბილისში არსებული მწვანე საფარის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
მასალის გამოყენების პირობები






