შარაშენიძის თქმით, ხელისუფლების შტოებს შორის "ბავშვური საქციელი, ვინ ვის დაიბარებს ქვეყანას არ წაადგება".
პოლიტოლოგი ამბობს, რომ ქვეყნის "არაფორმალური მმართველი" პრემიერ-მინისტრებს ხშირად ცვლის, პრეზიდენტს კი თანამდებობაზე ყოფნა 5 წლის ვადით კონსტიტუციურად გარანტირებული აქვს.
"ჩემი აზრი სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით ყველასთვის ცნობილია, ჩემი აზრით, ეს ქალი მთავრობას საერთოდ არ უნდა გააკარონ. თუმცა მეორეს მხრივ, კონსტიტუციონალურად და სამართლებრივად პრეზიდენტს იმხელა ლეგიტიმაცია აქვს, რომ უსაფრთხოების საბჭოში უნდა იყოს. საერთოდაც, პრემიერ-მინისტრი შეიძლება ხვალვე გამოიცვალოს, ხვალვე შეიძლება მოხსნას ქვეყნის რეალურმა მმართველმა. ჩვენს ქვეყანაში პრემიერს როგორ ხსნიან და ნიშნავენ ვიცით. კონსტიტუციური სტაბილურობა პრემიერის ოფისს პრაქტიკულად არ აქვს. პრეზიდენტი კიდევ 5 წელიწადი იქნება.
კიდევ ერთი პრობლემაა, რაც ვერ გაურკვევია ძალიან ბევრს, მათ შორის მთავრობაშიც ვერ გაერკვა ბევრი. ეროვნული უშიშროების საბჭო ეს არ არის მხოლოდ ის, რომ შეიკრიბება რამდენიმე მინისტრი და ისაუბრებენ. მათ შეუძლიათ შეიკრიბონ ნებისმიერ დროს ეგ არ არის პრობლემა. თუ დაუძახებს პრემიერი მივლენ. აქ უფრო მნიშვნელოვანია საბჭოს აპარატი, სადაც უნდა ხდებოდეს ანალიზი, გენერირება იდეების და ყველა უწყების კოორდინაცია. ეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს ვინ-ვის დაუბარებს, რაც აბსოლუტური ბავშვობაა, რაც სახელმწიფოს არ წაადგება"- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სათათბირო ორგანო - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით ,,საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა და იქ პრეზიდენტი ვერ იქნება“. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი იმედოვნებენ, რომ მოიძებნება კანონიერი ფორმა, რითიც მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი შეძლებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების განხორციელებას. ამ მიზნით კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან გეგმავენ კონსულტაციებს.
მასალის გამოყენების პირობები






