მარნეულის მერი საკრებულოს უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მიმართავს.
თემურ აბაზოვის განცხადებით, მას არ სურს ეკავოს თანამდებობა სასამართლო პროცესების მიმდინარეობის პარალელურად. მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას მერის სტატუსის გარეშე დაელოდება.
„მე ვრჩები პარტიაში, როგორც ვიყავი, უბრალოდ ამ პერიოდში ვფიქრობ, რომ არ იქნება მიზანშეწონილი ასეთი ბრალდებით, ასეთი ბინძური პროვოკაციის შემდეგ, გავაგრძელო იგივე თანამდებობაზე მუშაობა. ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, სადაც არანაირი სამხილი და ფაქტები არ არსებობს, რომ მე ვიღებდი მონაწილეობას და რამე გამეკეთებინოს. დღესაც კი არ არის იმის ფაქტი, რომ იქ რა სითხე იყო. დღესაც კი არ აქვს პროკურატურას პასუხი, რა სითხე იყოს ის სითხე,“- განაცხადა აბაზოვმა.
აბაზოვისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე საკრებულო რამდენიმე დღეში იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით თემურ აბაზოვი პოლიციამ რამდენიმე თვის წინ დააკავა. აბაზოვი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






