ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას უკვე ერთ კვირაზე მეტია მართავს. სასულიერო პირის ოჯახი რამდენიმე დღე დეკანოზის ზიარებას ითხოვდა, თუმცა საპატრიარქოსგან მიღებული არაერთგვაროვანი პასუხის შემდეგ მათ მოთხოვნას, დეკანოზის პატიმრობიდან გათავისუფლებაც დაემატა. დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სასულიერო პირის შეწყალებას აპირებდა და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის საპატრიარქოშიც იყო მისული, თუმცა პრეზიდენტმა საპატრიარქოსგან უარი მიიღო.
„როდესაც გიორგი მარგველაშვილი იყო პრეზიდენტი, დარწმუნებით ვიცი და ინფორმაციას ვფლობ, რომ როდესაც პრეზიდენტი მობრძანდა საპატრიარქოში, მან მოიკითხა შეწყალების საშუალებით გაეთავისუფლებინა თუ არა ჩემი ძმა. სამწუხაროდ აი ამ შენობაში არსებულმა პირებმა, მე არ მინდა ახლა სახელ-გვარებით დავასახელო, მაგრამ მოვა ამის დროც, გიორგი მარგველაშვილს უთხრეს, რომ ჩემი ძმა საპყრობილიდან არ გამოეშვა.“- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
თორნიკე მამალაძე იმედს გამოთქვამს, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი მაინც შეძლებს, რომ გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დეკანოზი შეიწყალოს:
„გავრცელდა არასასმთავრობო ორგანიზაციების განცხადება რაზეც მინდა მადლობა გადავიხადო, არა მარტო არასამთავრობოები, არამედ ნეიტრალური პირებიც თუნდაც იმდროინდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობდა რომ ჩემი ძმა არის უდანაშაულო და უნდა გათავისუფლდეს, აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედს ვიტოვებ, რომ სალომე ზურაბიშვილს შესწევს უნარი, რომ უდანაშაულო ადამიანი გაათავისუფლოს. სამწუხაროდ გიორგი მარგველაშვილმა ვერ გადადგა ნაბიჯი და თავისი კონსტიტუციური უფლება ვერ გამოიყენა უდანაშაულო ადამიანთან მიმართებაში, იმედს ვიტოვებთ რომ სალომე ზურაბიშვილი გადადგამს ამ ნაბიჯს და გაათავისუფლებს უკანონო პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.“- აღნიშნა თორნიკა მამალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






