იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არამოსამართლე წევრების ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის დუმილს ლევან მურუსიძე გამოეხმაურა. მურუსიძის თქმით, საბჭოს წევრი მოსამართლეების წინაშე ანგარიშვალდებულია:
„სასამართლო კორპუსი იმის ღირსი მაინც არის, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი და შესაბამისად აფიქსირებენ განწყობას, წარმოუდგინონ და ელემენტარულად თქვან, რატომ უჭერენ მხარს ერთ პოზიციას და რატომ არ უჭერენ მეორე პოზიციას. მათ დუმილი არჩიეს.
ისინი აფასებენ ამ მოსამართლეებს, შეფასებას აკეთებენ და იღებენ გადაწყვეტილებას, უვადოდ დაინიშნებიან თუ არ დაინიშნებიან. ამიტომ, მოსამართლეთა კორპუსი თვლის, რომ ისეთ საჭირბოროტო საკითხზე, როგორიც არის მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნა, შეიძლება ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, მაგრამ თუ ეთანხმები, ან არ ეთანხმები, ელემენტარული ზრდილობაა, კანონის მოთხოვნაა, ადამიანობაა, სინდისია, მოსამართლეს აუხსენი. ეს რა, მართლა ნახირი ხომ არ არის შეკრებილი, ესენი არიან მოსამართლეები, მართლსაჯულებას ახორციელებენ. შენ ხარ საბჭოს წევრი ანგარიშვალდებული ხარ მოსამართლეების წინაშე“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






