სავარაუდოდ ხელისუფლების გაგზავნილმა პროვოკატორებმა ადგილზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.
შეხვედრის მონაწილე ემიგრანტები ამბობენ, რომ თავდაპირველად მათ ჩხუბის ხმა ესმოდათ შემდეგ კი სუნთქვა გაუჭირდათ. მათივე თქმით, სავარაუდოდ გაზი დარბაზში გარედან შეაგდეს.
„მოხდა ჩხუბი, რაღაც გაურკვევლობა. ჩვენ შიგნით ვიყავით. უკვე სუნთქვა, რომ გაგვიჭირდა გავიგეთ, რომ გაზი გაუშვესო. არაფერი არ დამინახია. ძალიან ბევრი ხალხი იყო,“-განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.
კონგრესის სასახლეში სააკაშვილის საწინააღმდეგო პლაკატებით მისული ადამიანები რეგისტრაციის გავლას ცდილობდნენ. რეგისტრატორებმა მათ სთხოვეს ეჩვენებინათ პლაკატები, რომლის შეტანასაც აპირებდნენ დარბაზში. მათ უარი თქვეს პლაკატების ჩვენებაზე, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
პირებმა, რომლებიც დარბაზში შესვლას ცდილობდნენ, მედიასთან საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვეს.
„საქართველოდან ჩამოვედი, არავინ არ დამაფინანსა. ჩემი სახსრებით ჩამოვედი. შენი რა საქმეა რა დამიჯდა, რატომ ჩაგაბარო აჩოტები. თქვენ რამდენს გიხდიან? რატომ არ გვიშვებენ, იქნებ რა კითხვა მაქვს. მე ვარ ქართველების მხარდამჭერი, იმიტომ რომ ქართველი ვარ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც დაპირისპირებაში მონაწილეობდა და რომელსაც თან ჰქონდა პლაკატი მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით და წარწერით - "We do not trust you."შეხვედრაზე მისული აგრესიული ადამიანების ნაწილი არ მალავდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
„რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობაა და რატომ არა ვარ და პატივს ვცემ ჩვენს არჩევანს,“-განაცხადა ერთ-ერთმა პირმა.
მასალის გამოყენების პირობები






