ახალი პარტია „კანონი და სამართალი“, რომელიც პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა დააფუძნა, წევრების რეგისტრაციას იწყებს. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ პარტიის პრესამსახურიდან აცნობეს.
„ძვირფასო მეგობრებო და თანამემამულენო, ვიცით, რომ საზოგადოებაში არსებობს დიდი მოლოდინი, შესაბამისად, ვასრულებთ ჩვენს დანაპირებს პარტიის შექმნასთან დაკავშირებით და ვაცხადებთ პარტიაში - „კანონი და სამართალი“ გაწევრიანების მსურველთა წინასწარ რეგისტრაციას, რომელიც იწყება მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ორშაბათს და განხორციელდება ყოველდღიურად 11-დან 20:00 საათამდე მისამართზე: ქ. თბილისი, 26 მაისის მოედანი N1 (სპორტის სასახლის გვერდით, შპს „მორკინალის“ მიმდებარე ტერიტორია),“ - ნათქვამია პარტიის - „კანონი და სამართალი“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ცნობილია, რომ ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და პრეზენტაცია 10 მარტს, „ექსპოჯორჯიაში“ გაიმართება. პარტიის წევრების და სახეების ვინაობა არ კონკრეტდება, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „კანონი და სამართლის“ წევრები იქნებიან „შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებლები ქეთევან ენუქიძე და ვატო გელაშვილი. ასევე, პარტიაში იქნებიან ახალგაზრდები.
მასალის გამოყენების პირობები






