ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საუბარი შერიგებაზე მხოლოდ მისი თანამდებობის შენარჩუნების მიზნით ხდება - ამის შესახებ ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი საუბრობს და ის მოძალადის დასჯას ითხოვს.
„ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, მას, უბრალოდ, ჩემი გაჩუმება სურს და თავისი სკამის შენარჩუნება. ფედერაციის პრეზიდენტის სინანული ფორმალობაა, ამის მერე არაფერი შეიცვლება. აქამდეც, ზაფხულშიც მქონდა პრობლემა, დაველაპარაკე ამ ხალხს და არაფერი შეცვლილა. შიგნით ისეთი რაღაცები ხდება, რომ ამას ვერავინ გააკონტროლებს. პიროვნულად მართლა შერიგება რომ სდომოდა, თავიდანვე იტყოდა. ხელი არ მომიქნევიაო, მაგრამ ახლა აღიარებს და ვნახოთ, შეიძლება ისიც აღიაროს, რომ ხელში რკინა ეჭირა და ის ჩამარტყა", - ამბობს დათუნაშვილი.
მოჭიდავე პრეზიდიუმს არ ენდობა.
„გავეცნობი პრეზიდიუმის წევრებს და შემდეგ გადავწყვეტ, მივალ იქ თუ არა. მათი 80% ის ხალხია, რომელთაც რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. მე ამ პრეზიდიუმს დღესდღეობით არ ვენდობი და ვიცი, რომ ჩემს სიმართლეს დაკარგავენ. წინასწარ გეტყვით - თუ წავალ პრეზიდიუმზე და შევრიგდებით, დისკვალიფიკაციას არ მომცემენ, გეგას კი გარკვეულ თანხას გადაახდევინებენ, რომელსაც მოჭიდავეების ფულიდან გადაიხდის და ასე მორჩება. ჩემი რა საკითხი უნდა განიხილონ, ვერ ვხვდები. ვაპროტესტებდი, გადავედი ლეიბიდან და რაღაც ჩამარტყეს, კიდევ მე უნდა მომცენ დისკვალიფიკაცია?!" - განაცხადა დათუნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






