რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა თბილისში დაკავებული იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირებასთან დაკავშირებით. რუსეთი სუმბაევს თაღლითობაში ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით 2013-2014 წლებში, ჰაკერებმა ტუროპერატირებისგან ფული მოიპარეს, კერძოდ, მათი სახელით ყალბი სარკინიგზო ბილეთები გამოუშვეს. ამ საქმეს ევგენია შიშკინა იძიებდა, რომელიც გასული წლის 10 ოქტომბერს იქნა მოკლული.
ქართველმა სამართალლდამცავებმა სუმბაევი 2018 წლის 5 ნოემბერს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობაში და ყალბი პასპორტის გამოყენებაში სდებენ ბრალს. ის ამჟამად გლდანის ციხეში, წინასწარ პატიმრობაშია.
როგორც ბიბისის რუსული რედაქცია, წყაროზე დაყრდნობით წერს. ექსტრადირების მოთხოვნა რუსეთმა ჯერ კიდევ ნოემბერში გააგზავნა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი ახლა გახდა. გამოცემის წყარო ვარაუდობს, რომ სუმბაევის ექსტრადირება აპრილამდე მოხდება. სუმბაევის წინააღმდეგ საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლითაა აღძრული, ესენია: 2010-ე (დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა) და 158-ე (ჯგუფურად ჩადენილი ძარცვა).
წყაროს ინფორმაციით სუმბაევის დაკითხვა გამომძიებელი შიშკინას მკვლელობის საქმეზეც იგეგმება. როგორც ბიბისისთან სუმბაევის ყოფილი ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაწილობრივ აღიარებდა კიბერდანაშაულში მონაწილეობას, თუმცა კატეგორიულად უარყოფდა გამომძიებლის მკვლელობასთან კავშირს.
„ბილეთების საქმეზე“ 29 ადამიანია ბრალდებული, ამ საქმეში არსებობს თაღლითობის 60 ეპიზოდი, 31 კომპანიის წინააღმდეგ. ასტრახანელი იაროსლავ სუმბაევი კი მიჩნეულია ამ თაღლითური ოპერაციის „ტვინად“. ის ასევე იძებნებოდა რუსეთისა და საერთაშორისო მასშტაბით სკიმინიგის საქმეზეც (თაღლითობა საბანკო ბარათებით).
რუსეთის შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების უფროსი გამომძიებელი ევგენია შიშკინა, მოსკოვის ოლქის, კრასნოგორსკის რაიონში, არხანგელსკოეს დასახლებაში, 10 ოქტომბერს თავის სახლთან ახლოს მოკლეს. უცნობმა მამაკაცმა მას 2-ჯერ ესროლა, როდესაც ის ავტოსადგომზე შედიოდა. 46 წლის შიშკინა კისერში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა. როგორც საგამოძიებო კომიტეტი იტყობინებოდა, ბოლო თვეების განმავლობაში ის მუქარის შეტყობინებებს იღებდა, თუმცა შეთავაზებულ სახელმწიფო დაცვაზე უარს აცხადებდა. შიშკინას ოჯახის ადვოკატის თქით, მუქარები შესაძლოა იაროსლავ სუმბაევისგან მოდიოდა.


მასალის გამოყენების პირობები






