„დღესაც საკმაოდ ემოციური და რთული დღე იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრაც საჭირო იყო და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ბოლო მომენტში, რომ ამ შეხვედრას დავსწრებოდით. გუშინ ვფიქრობდით მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი, რომ არ მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ დღეს ასევე ვიმსჯელეთ ფასეულობით საკითხებზე და იმ საკითხებზე, რომელიც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია. ეს ეხება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელმაც უნდა შეგვაძლებინოს ან ერთად ვიაროთ, ამ რთული პოლიტიკური პროცესის შემდეგ, ან შეიძლება ეს ვერ მოვახერხოთ. საუბარი შეეხებოდა იმ განცხადებასაც, რომელიც გუშინ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა, განსხვავებული მოსაზრება გვქონდა არა მხოლოდ მე, ლევანს და გედის, არამედ რამდენიმე სხვა ადამიანსაც, ყველამ თავისი სათქმელი თვითონ უნდა თქვას.
ნებისმიერმა იურისტმა ვისაც ელემენტარული წარმოდგენა აქვს რა არის სამართლებრივი ფილოსოფია, იცის რომ ხელისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, არ შეიძლება ერთი შტო - საპარლამენტო ორგანო, ასე ღია გზავნილებს აგზავნიდეს ხელისუფლების მეორე შტოს - სასამართლოს მიმართ. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა ვაჩვენოთ, რომ არ ვერევით ერთმანეთის საქმიანობაში. ასევე მიმაჩნია, რომ არ იყო მისაღები ის ნაწილი, სადაც საუბარია იმ ადამიანების ერთ ქვაბში მოხარშვაზე, ვინც ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ ნარატივს აგრძელებს და ყველა ვინც ეწინააღმდეგებოდა იმ ათკაციან სიას და ძველი სისტემის მოსამართლეების გაგრძელებას. არ შეიძლება ყველა მივიჩნიოთ მტრად. უფრო შორს აღარ წავალ, ვიტყვი რომ ამ საკითხში დარჩა ეს განსხვავებული მოსაზრება.“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიას თქმით, დადგა არჩევანის გაკეთების ეტაპი, როდესაც მან საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს:
„ჩვენ ვისაუბრეთ შიდა საკითხებზე, მე შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ დადგა და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ღირებულებებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით. ჩვენ ერთ პოზიციაზე ვახერხებთ სვლას თუ ვერა. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მე არ მინდა ჩემი რაიმე ნაბიჯით ხელი შვეუწყო სააკაშვილის და მისი სისტემის რეანიმირებას და მის მობრუნებას 2020 წელს, ამიტომ ჩვენ უნდა დავინახოთ, ჩვენი შემდგომი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს. მე პირადად ავიღებდი რამდენიმე დღეს იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო, შევძლებთ ერთად ამ ფასეულობების ირგვლიავ გაერთიანებას თუ ვერა, ვგულისხმობ ქართულ ოცნებას, რომლის დამფუძნებელი ვარ და 7 წელია ჩემ ხელში ფორმირდება. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური პროცესია.“- აღნიშნა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ვინმეს გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა:
„დღეს არ იყო საუბარი არავის გარიცხვაზე, ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, ვისი განცხადებაა სწორი, დღეს აქ დასრულდეს საჯარო პოლემიკა და შიგნით ვისაუბროთ. ახლა გვაქვს სრულიად არაორდინალური პოლიტიკური მოცემულობა, დღევანდელმა შეხვედრამ დამაყენა არჩევანის წინაშე, მიუხედავად იმისა რომ პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ დღეს ის არავის პასუხისმგენლობის საკითხს არ აყენებს. შეგვიძლია თუ არა ამ ფასეულობებით შემდეგ ეტაპზეც ერთად ვიაროთ თუ ვერა, ამაზე მე და ჩემი მეგობრები ვიმსჯელებთ.
პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ ბევრი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრებები ისმის ამ დღეების განმავლობაში, დავსვათ აქ წერტილი, ნუ შევალთ დეტალების განხილვაში, ვინ მართალია და ვინ არა, ვინ დაიწყო და ვინ არა, დავასრულოთ ეს საჯარო დისკუსია და კონფლიქტი. რა თქმა უნდა კარგია რომ შიგნით ვისაუბროთ, მაგრამ არის საკითხები, რომელსაც გარეთ უნდა ვესაუბროთ ხალხს. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, როდესაც ვსაუბრობდით შეფასებებზე, მაგალითად განცხადება არის ერთ-ერთი ინდიკატორი ფასეულობათა კუთხით, როგორ ვაფასებთ იმას რაც ხდებოდა და რაც ხდება დღეს და რა უნდა კავაკეთოთ, ეს არის ღირებულებათა და ფასეულობათა კონფლიქტი და ამ საკითხზე ჩვენ გვჭირდება რამდენიმე დღე, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ.“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






