„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს გუნდის შენარჩუნება ისე, როგორც არის და ასევე მნიშვნელოვანია ისიც, თუ რის ფასად ხდება გუნდის შენარჩუნება.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე იმყოფებიან ეკა ბესელიაც და გედევან ფოფხაძეც, მოხდება თუ არა რომელიმე დეპუტატის გუნდიდან გარიცხვა, ეს შეხვედრის შემდეგ გაირკვევა:
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული კოლეგა, რადგან ვფიქრობ, ყველაფერთან ერთად ერთმანეთს მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, ვინც არ უნდა იყოს ის. არ შეიძლება გუნდიდან წასვლაზე ან მოსვლაზე ვისაუბროთ ასე ხელაღებით და ემოციების გარეშე. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ გუნდი ისე, როგორც არის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რის ფასად ვინარჩუნებთ ამ გუნდს, რომ ის ღირებულებები არ დაიკარგოს, რითაც თავის დროზე გავერთიანდით“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
ოთარ დანელია კახა კალაძის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვისაც გუნდის დატოვება სურს, შეუძლია ასე მოიქცეს:
„ამ განცხადებას ცალსახად არ ვიზიარებ. ამ თემაზე უნდა შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ. რესურსი ყოველთვის არსებობს, თუ არის სურვილი. ამას დიალოგი სჭირდება. ძალიან მარტივია, დავიშალოთ, მაგრამ მეტი რესურსი უნდა ჩაიდოს, უნდა მოვინდომოთ და ყველამ კონსენსუსზე ვიფიქროთ და საბოლოო ჯამში, შედეგს აუცილებლად მივიღებთ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






