საპარლამენტო უმრავლესობა მორიგ შეხვედრაზე შეიკრიბა, რომელზეც გედევან ფოფხაძეც მივიდა. შეხვედრაზე შესვლამდე ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას სხდომაზე მისვლის შინაგანი სურვი არ ჰქონდა. მისი თქმით, გუნდმა საკუთარი პრინციპებიდან არ უნდა გადაუხვიოს და უზენაეს სასამართლოში ღირსეული ადამიანების არჩევა უნდა მოხდეს.
“გულწრფელად გეტყვით, რომ დღეს აქ მოსვლის შინაგანი სურვილი არ მქონდა. მაგრამ არ მინდა ვინმემ თქვას, რომ დიალოგსა და საუბარს გავურბივართ. ჩვენ პოზიციას დღესაც დავაფიქსირებთ. პრინციპულია, ვიფიქროთ იმაზე, რომ უზენაეს სასამართლოში ღირსეული ადამიანები იყვნენ არჩეულნი. ამ საკითხების განხილვის დროს არ შეიძლება მედიასა და საზოგადოებას კარი ჩაეკეტოს. ყველაფერი, რაზეც დღეს „ქართულ ოცნებაში“ საუბარი მიდის, ეს საზოგადოებას აინტერესებს. ეს არ არის ჩვენი კერძო თემა. თუ ასეთი შეზღუდვა გუნდის წევრების მიმართ იქნება, ეს არასწორია. თუ ასე ისმება საკითხი, რომ გუნდის შიგნით რაზეც ვსაუბრობთ იმაზე არ უნდა ვისაუბრო საჯარო სივრცეში, ჩვენ ვერ ვთანხმდებით. რა თქმა უნდა, ეს შეუთანხმებლობა ჩვენს დისტანცირებას გამოიწვევს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისივე განცხადებით, მას უკმაყოფილება არავისთან აქვს.
„ჟურნალისტებთან ჩემი პოზიციის დაფიქსირება არ უნდა ჩაითვალოს არადისციპლინურ ქცევად. როგორც ხედავთ, დღეს მშობლის გარეშე ვარ მოსული და არ დამჭირდება მშობელთან ერთად მოსვლა, სკოლაში ხომ არ ვართ, რა დისციპლინაზე გვაქვს საუბარი. თუ დისციპლინა გვინდა, შიდაპარტიული დემოკრატის ის ხარისხი უნდა გვქონდეს, რაც არ გვაქს, აქედან გამომდინარე, მე ველოდები, რომ ჩვენ ყველას გვექნება საშუალება, საჯარო სივრცეში ვისაუბრო სასამართლო თემაზე“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






