საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ არ სურს საქართველოში მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლების ხილვა.
ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა სკოლა წარმატებული და მაღალი ხარისხის უნდა იყოს:
„ადეკვატური გახდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას; უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო; განხორციელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჩვენ უკვე წელს გავზარდეთ ბიუჯეტი ორ-ნახევარჯერ ამ მიმართულებით. მე ნამდვილად არ მსურს, საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები. საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებს, სადაც მეტად იგრძნობა პრობლემები როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადამიანური რესურსებისა და სხვა თვალსაზრისით.
ამ პროცესში ასევე, ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, USAID-ი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, აზიის განვითარების ბანკი და თითქმის ყველა დონორი, თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც უდიდესი შრომა გასწია და ასეთი მასშტაბური რეფორმა წარმოგვიდგინა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






