წარმატებული სპორტული და სამხედრო კარიერის მქონე ქართველი სამჭიდელი – კობა ალუდაური აშშ–ში გამგზავრების შემდეგ, უკვე მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. სულ ცოტა ხნის წინ, 2018 წლის 28 ოქტომბერს, მან ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მოიპოვა ნიუ ჯერსიში, ქ. ბორდენთაუნში. ჩემპიონატში ბევრი ის ქვეყანა მონაწილეობდა, სადაც ძალისმიერი სამჭიდი პოპულარულია _ აშშ, კანადა, გვატემალა, ბრაზილია, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა და სხვები. კობა ალუდაურმა მსოფლიოს რეკორდი დაამყარა სამჭიდის ჯამში, ასევე ცალკეულ მოძრაობაში: ჩაჯდომსა და ამოწევაში. სამჭიდში მან 1300 ლბ დააგროვა.
კობა ალუდაურს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. სპორტით იგი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული და სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობდა, თამაშობდა ფეხბურთს, კალათბურთს, ჩოგბურთს, ბილიარდს და სხვა. 19 წლის ასაკში, 1991 წელს საქართველოს ნაკრების წევრი გახდა, 1992 წლიდან კი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, თასების მფლობელი და რეკორდსმენია. რაც შეეხება მის პიროვნულ თვისებებს, კობა განათლებული, კომუნიკაბელური, ენერგიული, მონდომებული, მიზანდასახული და კეთილსინდისიერი პიროვნებაა, ადვილად იმსახურებს გარშემომყოფების სიმპათიას და ბევრი მეგობარიც ჰყავს. ფიზიკური სიჯანსაღე და ვარჯიში მისი
ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და არის. მას უმაღლესი განათლება აქვს – აგრარულ უნივერსიტეტში ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტზე სწავლობდა, აქვს მაგისტრის ხარისხი. 1996-2001 წლებში კი პოლიციის აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა და 1995 წლიდან შსს-ს გენერალ გია გულუას სახელობის სპეც.დანიშნულების რაზმში მუშაობდა, რომელიც 2004 წლიდან თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და კობა ალუდაური 2016 წლის ბოლომდე იქ სხვადასხვა თანამდებობაზე განაგრძობა დამუშაობას. იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ვიცეპოლკოვნიკი, მოსამზადებელი ცენტრის სკოლის მეთაური, დაზვერვის, დაგეგმარების უფროსი, შტაბის უფროსი და სხვა. მთელი ამ დროის განმავლობაში, აქტიურ სპორტულ მოღვაწეობას ეწეოდა, დღეში 2-3 საათს ვარჯიშობდა, საქართველოს ჩემპიონატებზე გამოდიოდა, ორჯერ ევროპის ჩემპიონატი მოიგო. 2012 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩემპიონი გახდა პისტოლეტის სროლაში; არის ავტომატისა და პისტოლეტის სროლის ექსპერტი.
აშშ–ში ის 2017 წელს გაემგზავრა მსოფლიო ჩემპიონატზე და გამარჯვებაც მოიპოვა! შეთავაზების შემდეგ, გადაწყვიტა, სპორტული კარიერა იქვე განევითარებინა და ახლა აქტიურად განაგრძობს თავისუფლების ქვეყანაში წინსვლას. სპორტის ეს სახეობა ხომ ძალიან პოპულარული და დაფასებულია იქ, სავარჯიშოდაც უკეთესი პირობებია და პერსპექტივაც მეტია.
აღსანიშნავია, რომ კობა ალუდაურის სახელი შესულია საქართველოს ოქროს წიგნში, რომელიც რომელიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული და გამოჩენილი ადამიანების შესახებ მოგვითხრობს.
მასალის გამოყენების პირობები