წარმატებული სპორტული კარიერის მქონე ქართველი სამჭიდელი – თეიმურაზ ლუტიძე აშშ–ში გამგზავრების შემდეგ, უკვე მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. სულ ცოტა ხნის წინ, 2018 წლის 28 ოქტომბერს, მან ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მოიპოვა ნიუ ჯერსიში, კერძოდ, ქალაქ ბორდენთაუნში. ჩემპიონატში თეიმურაზს ბევრი ღირსეული მეტოქე ჰყავდა აშშ–დან, კანადიდან, ბრაზილიიდან,რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, გვატემალიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამიტომ, მოგება, ცხადია, ადვილი არ იყო, თუმცა, ფიზიკურად კარგად მომზადებული ქართველისთვის არც შეუძლებელი აღმოჩნდა. მან ეს ღირსეული გამარჯვება თავის ქვეყანასა და ოჯახს მიუძღვნა და დასძინა, რომ აშშ ის ქვეყანაა, სადაც მან საკუთარი თავი კიდევ ერთხელ იპოვა და ბედნიერია, რომ შესაძლებლობების გამოვლენის შანსი აქ უფრო თავისუფლად მიეცა. ეს იმაშიც გამოიხატა, რომ 2018 წელს თეიმურაზ ლუტიძე ამერიკის ჩემპიონი გახდა და რეკორდიც დაამყარა _ 234 კგ. ასწია. უფრო ადრე, 2017 წლის ნოემბერში, იგი ფლორიდაში, ქალაქ კისიმიში, მსოფლიო ჩემპიონატზე უდაო ჩემპიონი გახდა და იქაც რეკორდი მოხსნა _ წოლჭიმში 230 კგ. ასწია, რაც მთავარია, დოპინგ კონტროლის გავლით. თუმცა, ფაქტია, იგი მიღწეულს არ ჯერდება და თავისი მონდომებით, წარმატებით სულ უფრო და უფრო გვაოცებს! თეიმურაზ ლუტიძე პერსპექტიული ქართველი სპორტსმენია და ვიმედოვნებთ, რომ იგი საქართველოს კიდევ არაერთხელ გაუთქვამს სახელს.
_ თეიმურაზ, პირველ რიგში, გილოცავთ, გამარჯვებას და მომავალში წარმატებებს გისურვებთ. გვიამბეთ, როგორ ცხოვრობთ აშშ–ში? მანდ დარჩენა მაინც რამ უფრო გადაგაწყვეტინათ? რამ გადაწონა?
_ სპორტული კარიერის თემა მინდა აქტიურად დავძრა, არ მინდა გავჩერდე, აქ კარგი შესაძლებლობები მაქვს, ბევრ სერიოზულ შეჯიბრებაზე მინდა გამოვიდე და ისეთი წონები ავწიო, რომ ადამიანები განცვიფრებამდე მივიყვანო. აქ კომერციულ შეჯიბრებებზე სულ სხვანაირი სიტუაციაა – შოუა და ხალხს ეს ძალიან მოსწონს, ამიტომ, მეც მინდა უფრო აქტიურად ვიყო ჩართული ამ ყველაფერში.
აშშ ძალიან მოწესრიგებული ქვეყანაა. ისეთი ქვეყანაა, ძირითადად ყველა სამსახურზეა ორიენტირებული, ასეთი რეჟიმი საქართველოში რომ იყოს, წინ წავალთ კი არა, გავფრინდებით, ისეთი ტემპით მოხდება განვითარება. აქ ყველა მუშაობს, თავის საქმეს აკეთებს და შესაბამისად, იმის შესაძლებლობაც აქვთ, საკუთარ თავს კარგი ტანსაცმელი, ტექნიკა თუ ნივთები უყიდონ, კარგ ადგილას გაერთონ, დაისვენონ და ა.შ. საკრედიტო ბარათს მოგცემენ, მაგრამ რისი გადახდაც ევალებათ, თუ არ გადაიხდიან, დაძირავენ. კარგი კრედიტ-ისტორიის გარეშე აქ არავინ ხარ და მაგალითად, დაზღვევასაც კი არ გაგიკეთებენ. მაგარი ქვეყანაა, გეუბნება _ იმუშავე პატიოსნად და კეთილსინდისიერად, გექნება ყველაფერი. თუ მაღალი შემოსავალიც გაქვს, აქ ცხოვრება ძვირი ნამდვილად არ არის, მაგალითად, 50 დოლარად აუზზეც ივლი, სპაც არის და ყველაფერიც.
_ როგორც ვიცი, თებერვლის თვეში მორიგი შეჯიბრებისთვის ემზადებით.
_ დიახ, შტატებს შორის ადგილობრივი შეჯიბრებაა და იქ უნდა ვიასპარეზოთ. ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი ტროი ფორდია და მასში მონაწილეობაც სწორედ მან შემომთავაზა. იმედია, ყველაფერი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები