წინასწარი ინფორმაციით, დეპუტატები მოსამართლეების საკითხზე იმსჯელებენ. თუმცა, უმრავლესობის წევრები არ გამორიცხავენ, რომ მსჯელობა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზეც გაიმართოს.
"უსასრულო კონსულტაციები აზიანებს ყველას და ყველაფერს" - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე დიმიტრი ხუნდაძემ.
„მესამე რაუნდი გაიმართება კონკრეტულად სასამართლოების თემასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, მეოთხე აღარ უნდა გახდეს საჭირო და გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რადგან უსასრულო კონსულტაციები აზიანებს ყველას და ყველაფერს. კონკრეტიკაზე ვისაუბრებთ მას შემდეგ, რაც შეხვედრა დასრულდება და თქვენთვისაც ცნობილი გახდება. მე იმედი მაქვს, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული და დასრულებული,“ - განაცხადა დიმიტრი ხუდაძემ.
სიმონ ნოზაძის თქმით, წინა შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი იყო.
„დღის წესრიგში, რაც მე მომივიდა, წერია, რომ ისევ მოსამართლეებზე მსჯელობა გაგრძელდება. ამაზე მეტი არაფერი ვიცი. ის ორდღიანი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო და იმ რეზიუმემდე მივედით, რომ ყველაფერი გადავაბაროთ სამუშაო ჯგუფს, მათ შეიმუშავონ კრიტერიუმები და შემდეგ ვიმსჯელოთ ცალკეულ მოსამართლეზე. კონკრეტულად რა ხდება, ვისთან მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, ამაზე ყველაზე კომპეტენტურად ამ ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძეგიპასუხებთ. არ გამოვრიცხავ, რომ მსჯელობა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზეც გაიმართოს. რასაც მე ვუყურებდი, თვითონ ეს ფაქტი ამაზრზენი იყო. ეს უზნეო ადამიანების გაკეთებულია“, - განაცხადა ნოზაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






