"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, მისთვის გაუგებარი იყო შეხვედრის არსი, რადგან მთავარ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს. სალაძის განცხადებით, ის ამ ტიპის შეხვედრების გაგრძელების არსს ვერ ხედავს.
„სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ ამ ტიპის შეხვედრების გაგრძელების არსს, ვინაიდან ვერ გავიგე მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რა მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ლეღვის ნახარშის თემიდან დაწყებული ლუგარის ლაბორატორიით დასრულებული და იმდენად დიდია დიაპაზონი და იმდენად ბევრი თემა შეიძლება იყრიდეს თავს ამ ორ თემას შორის შუაში, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია რეალურად ვიდისკუსიოთ იმაზე თუ რა ტიპის ცვლილებები გვჭირდება.“ - განაცხადა სალაძემ.
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, მან შეხვედრიდან ახალი ვერაფერი გაიგო. როგორც ძველიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იდეებს მესამე სექტორის მხრიდან ელოდა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ინიციატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არ ყოფილან.
„არაფერი კონკრეტული ამ შეხვედრიდან არ გაგვიგია გარდა იმისა, რომ არ მოხდება ამ ცილისწამების გამო ვინმეს ციხეში წასვლა, ანუ გამკაცრება სისხლის სამართლის მიმართულებით არ იგულისხმება მათ ინიციატივაში. მათ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების იმ ძალიან მაღალ სტანდარტს, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში. ამ ორი ძირითადი მესიჯის გარდა, სიმართლე, რომ გითხრათ, მე პირადად ახალი ვერაფერი გავიგე ამ შეხვედრიდან და ცოტა უცნაური ფორმატი იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ ისინი ელოდებოდნენ ჩვენგან მოსაზრებებს, თუმცა, ჩვენ არ ვიცოდით რაზე გამოგვეთქვა მოსაზრებები, იმიტომ, რომ ინიციატივა ჩვენგან არ წამოსულა.“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.
შეხვედრის ფორმატთან და შინაარსთან დაკავშირებით არასამთავრობოების კრიტიკას პრეზიდენტის ადმინიტრაციაში უპასუხეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ქეთევან მახარაშვილის თქმით, ცილისწამების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მათ კონკრეტული მონახაზი არ აქვთ და სურდათ, რომ რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოესმინათ და ამის საფუძველზე გადაწყდებოდა, რა საკითხზე უნდა გამახვილებულიყო ყურადღება. თუმცა მისი თქმით, მესამე სექტორის წამომადგენლები მათთან დისკუსიაში არ ჩაებნენ:
„ვთხოვეთ, რომ სულ თავიდან, სრულიად დასაწყისში, მოდით, თქვენ გვითხარით არის თუ არა საჭიროება, თქვენ გვითხარით, სად ხედავთ პრობლემას, ჩვენ ჩვენი წარმოდგენა გვაქვს ნამდვილად, მაგრამ თქვენ გვითხარით, რას ფიქრობთ და ერთად დავიწყოთ იმაზე მუშაობა, რამე ცვლილება გასაკეთებელია თუ არ არის გასაკეთებელი, რაიმე თემა გასაფართოებელია, რაღაც თემას სჯობია, საერთოდ ხელი არ მოვკიდოთ. პირიქით, სულ დასაწყისში ინიციატივის საშუალება მივეცით. ამას ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, შეჩვეული არ არის და ამიტომაც არ მიკვირს არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი რეაქცია, რომ ჩვენ არაფერი არ დავდეთ, არც დავდეთ, სანამ საკმარისი მასალა, ინფორმაცია არ გვექნება.“ - განაცხადა ქეთევან მახარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






