პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აფასებს. რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ თბილისში, განათლების სამინისტროსთან 3 თებერვალს სტუდენტების აქცია იგეგმება და რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მასობრივი შეკრების ადგილებში გადაადგილებისგან.
„ეს კომენტარი მართლაც ბადებს კითხვებს, რა მოსატანი იყო 3 თებერვალს დაგეგმილი აქცია, რომელიც, როგორც ირკვევა, საერთოდ არ ტარდება. ვერ გეტყვით, რა დაესიზმრათ“, – განაცხადა აბაშიძემ.
„ის ახორციელებს კრიზისული და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და შემდეგ ამ ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეებს აწვდის, რომლებიც უცხოეთის ამ ქვეყნებში მგზავრობენ. ასე რომ, ასეთი კომენტარები პრინციპში, სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც კეთდება.
რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა „გლობალ ფაინენსის“ ბოლო მონაცემები, სადაც ნათქვამია რომ 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო რეგიონში ლიდერია. ზოგადად კი, 128 ქვეყნიდან საქართველო 49-ე პოზიციას იკავებს, რუსეთი კი – 108-ე პოზიციას. ასე რომ, დასკვნები თავად შეგიძლიათ გააკეთოთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






