ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო რეჟიმის მუქარა - მარიონეტული რეჟიმი ხმამაღლა აცხადებს, რომ საქართველოს კუთვნილი ტერიტორიებისადმი ინტერესი გააჩნია. ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ გაზეთთან საუბრისას გააკეთა. დიმიტრი მედოევმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიები, თრუსოს ხეობა, კობი და გუდოს ხეობა, „აღმოსავლეთ ოსეთად“ მოიხსენია.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს საელჩო გერმანიაში განცხადებას ავრცელებს:
„ნოიეს დოიჩლანდი“ (Neues Deutschland) გახლავთ დაბალტირაჟიანი მედიასაშუალება. ის სხვადასხვა უწყებების მიერ (Bundeszentrale für politische Bildung, Bundesamt für Verfassungsschutz) მიჩნეულია გამოცემად, რომელიც აშკარად ავლენს მემარცხენე-რადიკალურ მიდრეკილებას.
მათში, ძირითადად, გაჟღერებულია ისეთი მოსაზრებანი, რომლებიც ამართლებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და ჰეგემონიურ დამოკიდებულებას პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიმართ.
გერმანულ გამოცემა „ნოიეს დოიჩლანდში“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, დიმიტრი მედოევის ინტერვიუთან დაკავშირებით საელჩოს კომუნიკაცია ჰქონდა აღნიშნულ გამოცემასთან და მას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით, – ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






