„მე ვისურვებდი, რომ ისეთი ტიპის პროდუქტებზე, რომელსაც გააჩნია ადგილობრივი წარმოების პოტენციალი და გარკვეული მხარდაჭერაც კეთდება სახელმწიფოს მხრიდან, რომ აღნიშნული წარმოებები განვითარდეს, თუ არ იქნება დარღვეული პროდუქტის ხარისხის შესაბამისობა , მათი შესყიდვა მოხდეს არაკონსოლიდირებული პრინციპით, არამედ გარკვეული ლოტებით, იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით არსებულ მცირე საწარმოებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შევიდნენ აღნიშნულ ტენდერებში და შესთავაზონ საკუთარი პროდუქცია.“-აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ შესყიდვების სააგენტომ, მთავრობის განკარგულებით, თაფლის შეძენაზე კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. 2019 წელს 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კილოგრამი თაფლის შეძენა იგეგმება.
მათგან 25 ათას კგ-ს შსს, 14 600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 300სა0 კგ-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფოს თაფლს შპს ვ.ტ მიაწვდის, რომელიც, თავის მხრივ, პროდუქტს კომპანია აპიდეისგან შეისყიდის. აპიდეი თაფლს რუსეთში აწარმოებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. უწყების ინფორმაციით, ტენდერი ამ დროისთვის არის შერჩევა/შეფასების ეტაპზე და გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია არ არის გამოვლენილი.
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნატურალური თაფლის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი გამოცხადებული იქნა შესაბამისი – კონკრეტულად ნატურალური თაფლის კლასიფიკატორის კოდით. შესაბამისად, ყველა სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ამასთან, 597 სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს გაეგზავნა ინფორმაცია ტენდერის გამოცხადების შესახებ. ტენდერი ამ დროისთვის არის შერჩევა/შეფასების ეტაპზე, მასში გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია არ არის გამოვლენილი.
ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტედენტის შერჩევა/შეფასება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ ატვირთული დოკუმენტაციის საფუძველზე. მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავი შეიკავონ ტენდერის დასრულებამდე საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და სატენდერო პროცესის არასწორი ინტერპრეტაციისგან.“ – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






