ოპოზიცია არჩევნების პროპორციული გზით ჩატარების მოთხოვნის გარშემო ერთიანდება. დღეს სასტუმრო ''თბილისი მერიოტში'' პოლიტიკური პარტიების ერთობლივი ღონისძიება იმართება, რომელზეც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ერთობლივ დოკუმენტს მიიღებენ და ხელს მოაწერენ, შემდეგში კი ამ მოთხოვნით პარტიები ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა ერთის წინააღმდეგ გაერთიანდეს და შესრულდეს საზოგადოების დაკვეთა.
მელიას თქმით, მნიშვნელოვანია 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული სისტემის შემოღება და დღევანდელი შეხვედრა სწორედ აღნიშნულს ემსახურება:
„ფაქტია, მოგვწონს ერთმანეთი, არ მოგვწონს, ვესალმებოდით ერთმანეთს, არ ვესალმებოდით, თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ ქვეყანამ უნდა განიცადოს პროგრესი და თავი დააღწიოს ერთპიროვნულ მმართველობას, ამ ხელისუფლების პირობებში საერთოდ ოლიგარქიულ მმართველობას დააღწიოს თავი ერთხელ და სამუდამოდ, მნიშვნელოვანია პარტიებს შორის როგორც მინიმუმ კორდინირებული საქმიანობა პოლიტიკურ ველზე და შემდეგ არჩევნებზე, ფართო კოალიციური ფრონტით დაპირისპირება ქართული ოცნებისადმი, ანუ გაიშალოს ფრონტი ისე, რომ ყველა ერთის წინააღმდეგ დარჩეს პოლიტიკურ ველზე და ასეთ შემთხვევაში გარდაუვალია ბიძინა ივანიშვილის მარცხი.
ეს ყველაფერი არა თუ სურვილების დონეზეა, არამედ რეალურად ხორციელდება და დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურება. საარჩევნო სისტემის ცვლილება მნიშვნელოვანია. არ არსებობს ქვეყანაში არავინ, გარდა „ქართული ოცნებისა“, ვინც ამბობს, რომ მაჟორიტარული სისტემა არის კარგი. „ქართული ოცნებაც“ ამბობს, რომ პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს, ოღონდ განსხვავება ჩვენსა და მათ შორის არის ის, რომ ისინი ამბობენ, 2024-ში კარგია, მაგრამ 2020-ში ცუდია, ჩვენ ვამბობთ, რომ 2020-შივე უნდა ჩატარდეს, ამისათვის ქვეყნის მასშტაბით ვიწყებთ ფართომასშტაბიან კამპანიას, რომ შევაგროვოთ ხელმოწერები და ვაიძულოთ ხელისუფლება, შეცვალოს საარცევნო სისტემა და არ იყვნენ ადგილობრივი ფეოდალ-მაჟორიტარები კვლავ იმ როლში, როდესაც ისინი მოისყიდიან, დაჩაგრავენ, დააშინებენ და მოიპარავენ ხალხის ხმებს. ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ, მერწმუნეთ, ვერ ნახავთ ქვეყანაში და პოლიტიკურ სპექტრში ვერც ერთ პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტს, რომელიც გამოვა და არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. თამაშის წესები როდესაც იქნება სამმართლიანი, არ მოიძებნება არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც იტყვის რომ არ აღიარებს არჩევნებს, ეს გამორიცხულია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






