ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე - საკითხზე კომენტარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელება ყველა სტანდარტით მიუღებელია.
„ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შეფასება შეიძლება იყოს ერთი, ეს ყველა სტანდარტით მიუღებელია. ვიცი, რომ გამოძიება გუშინვე დაიწყო და უკვე ჩატარდა გამოკითხვა, მათ შორის, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადების კვალდაკვალაც იყო დაწყებული პროცედურები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალოვანი ორგანოები სრულ ძალისხმევას გასწევენ, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. მსგავსი რამ ადამიანური, მორალური თვალსაზრისითაც სრულიად მიუღებელია და ალბათ, ამას მთელი საზოგადოება უნდა აღუდგეს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
კითხვაზე შეიძლება თუ არა უკავშირდებოდეს არსებული ვიტარება გუნდში მიმდინარე განხეთქილებას, ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდში ყოველთვის არსებობს საკითხები, რომლებზეც საერთო აზრი არ არსებობს:
„მე არ შევაფასებდი ამას, როგორც ბესელიასა და გუნდის წევრების დაპირისპირებას. გუნდში ყოველთვის არის საკითხები, რომელზეც შესაძლოა, განსხვავებული შეხედულებები არსებობდეს. ვნახეთ, რომ გუნდში ორი დღის განმავლობაში ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა მიმდინარეობდა, რაც გვაძლევს საშუალებას, აზრთა სხვადასხვაობა შევაჯეროთ, გვქონდეს ნაყოფიერი დისკუსია.
ჩანაწერი ჩემამდე არ მოსულა. ვფიქრობ, საზოგადოების როლი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ თვითონ არ შევუწყოთ ხელი ასეთი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას, მათ შორის ყურებაზე უარის თქმითაც“, – განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






