ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სტყვის თავისუფლებას. ამ მხრივ, საქართველოში დღეს არსებული ვითარება, ნამდვილად დასაფასებელია. იგი ძირეულად განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც 30 წლის წინათ იყო. განსხვავდება იმ ვითარებისგან, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში დღესაც არსებობს, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში ხელისუფლების ინიციატივაზე „ცილისწამების კონტროლის“ საკითხში.
მისი თქმით, ის კარგად არ იცნობს ხელისუფლების ინიციატივას, თუმცა, იმედოვნებს, რომ სიტყვის თავისუფლება საქართველოს მთავარი ღირებულებაა და როცა პარლამენტი განიხილავს ამ საკითხს, ამას აუცილებლად გაითვალისწინებს.
"მედიაპლურალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა, დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ რჩევებს, რომლებსაც მათ ამერიკელი თუ ევროპელი კოლეგები აძლევენ. ყურადღებით უნდა განიხილონ, თუ როგორ მოერგება ესა თუ ის მოდელი საქართველოს, მისი ისტორიისა და პოლიტიკური პაექრობის ტრადიციის გათვალისწინებით. როგორ იქნება ეს კანონები გამოყენებული პრაქტიკაში.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებულ ვითარებაში, როცა ქვეყანა, ხშირად არის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის სამიზნე. ეს დეზინფორმაცია საქართველოს მედიასაშუალებებიდან კი არ მოდის, არამედ, გარეშე ძალების მხრიდან, და მე ვფიქრობ, კონკრეტულად რუსეთიდან. რუსეთი ცდილობს შეარყიოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციები, ზიანი მიაყენოს მთლიანად ქვეყანას," - განაცხადა დიპლომატმა.
მასალის გამოყენების პირობები






