უზენაესის მოსამართლეების წარდგენის წესზე სამსჯელოდ სასტუმრო „რედისონში“ სამუშაო ჯგუფის წევრები პირველად შეიკრიბნენ. დღევანდელ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე უძღვება.
სამუშაო ჯგუფში არიან საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ჯგუფში შესვლაზე 24 იანვარს უარი განაცხადა მესამე სექტორმა, რომელმაც ამ საკითხზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა შეიცვალოს.
უმრავლესობამ ამ თემაზე გარკვეულ კონსესუსს მიაღწია და შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლამდე უნდა გადავადდეს და კონკურსი ღია წესით უნდა ჩატარდეს. ამასთან, ვინაიდან იუსტიციის საბჭოს არ აქვს საზოგადოების ნდობა, მოსამართლეები პარლამენტმა უნდა შეარჩიოს.საკუთარი წინადადებები აქვთ მოსამართლეებსაც.
სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფს უნდობლობას უცხადებენ და პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მასში შედიან იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომლებიც მხარი დაუჭირეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ 10-კაციან სიას. სამოქალაქო სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის შეცვლას ითხოვს.
“მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ საბჭოს იმ წევრებმა, ვინც გასული წლის დეკემბერში მხარი დაუჭირეს სრულიად გაუმართლებელი ფორმით სიის ნომინირებას საქართველოს პარლამენტში, მათ უნდა დატოვონ თანამდებობა. მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. არა მარტო თანამდებობები იუსტიციის საბჭოში, მათმა ბევრმა ნაწილმა საერთოდ უნდა დატოვოს სასამართლო სისტემა, ვინაიდან წლების განმავლობაში ისინი იყვნენ შემოქმედები უკანონობის წლების განმავლობაში,“ - განაცხადა "საიას" თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.
საპროტესტო აქციის მონაწილეების შეფასებით, სასამართლო, ფაქტობრივად, ოკუპირებულია იმ ჯგუფის მიერ , რომლებიც მხილებულები არიან დანაშაულებში და ამ ქვეყნის სირცხვილს წარმოადგენენ.
„მათი დღევანდელი შეხვედრა არის არალეგიტიმური და ის ვერ ჰპოვებს აღიარებას საზოგადოების მხრიდან. ეს არის მთავარი გზავნილი ამ პროტესტის,“ - განაცხადა სმოქალაქო აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა.
დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამსამწესებლად პარლამენტში წარდგენილ 10-კაციან სიას მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






