ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილი კრიმინოგენული ვითარების საკითხთან დაკავშირებით, 25 იანვარს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობა“-მ, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიხედვით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ინტერპელაციის წესით, საპარლამენტო სესიაზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაიბარა.
ინტერპელაცია წარმოადგენს საპარლამენტო კონტროლის ახალ მექანიზმს. რეგლამენტის მიხედვით, ფრაქცია უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებს მიმართოს კონკრეტული შეკითხვით. შეკითხვის ადრესტი კი, ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას.
რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება წელიწადში ოთხჯერ- საგაზაფხულო სესიის მარტისა და მაისის და საშემოდგომო სესიის სექტემბრისა და ნოემბრის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს.
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრს პლენარულ სხდომაზე 22 მარტს ელის, რათა პრემიერისგან მოისმინოს დასმულ შეკითხვაზე პასუხი, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების მკვეთრი ზრდა.
აღნიშნულ საკითხზე დღეს თინა ბოკუჩავამ ბრიფინგი გამართა:
„გასაგებია, რომ პრემიერი ბახტაძე არის ნომინალური პრემიერი, რადგან რეალურად ქვეყანას მართავს ოლიგარქი ივანიშვილი და ის დიდწილად ეყრდნობა შს მინისტრს, გიორგი გახარიას, რეჟიმის მართვისას. თუმცა, ამ ნომინალური უფლებამოსილების ფარგლებშიც პრემიერ ბახტაძეს აქვს ვალდებულება, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის უმაღლეს კანონს და ინტერპელაციის მექანიზმის მიხედვით, გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენ ველით საქართველოს პრემიერმინისტრს საქართველოს პარლამენტში 22 მარტს, რადგან ეს არის ის თარიღი, რომელსაც ემთხვევა პირველი ინტერპელაციის შესაძლებლობა საქართველოს პარლამეტის რეგლამენტის მიხედვით,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






