გაერთიანებული ოპოზიციის- „ძალა ერთობაშია“ წევრი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა.
მისივე შეფასებით, "პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ნეიტრალური, ობიექტური საარჩევნო კომისიების ჩამოყალიბებას ალტერნატივა არ აქვს".
ედპ-ს ლიდერმა „რუსთავი 2“-ის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე განხილულ თემებზე "ნიუპოსტთან" დეტალურად ისაუბრა და ხელისუფლების მისამართით პოლიტიკური განცხადებები გააკეთა:
"დღევანდელი კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს განვიხილეთ ყველა ის თემა, რაც უკავშირდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადაიდგას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამ საკითხებზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიური, თუმცა კულუარული საუბრები მიმდინარეობდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის, მაგრამ „რუსთავი 2“-ის ეგიდით გამართულმა კონფერენციამ საშუალება მოგვცა ეს დისკუსია საჯაროდ გაიხსნას და სისტემური ხასიათი მიიღოს. ეს არის, ასე ვთქვათ, დასაწყისი იმ ნაბიჯებისა, რომელიც უახლოეს პერსპექტივაში უნდა გადადგას პოლიტიკურმა სპექტრმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიის განვითარების კუთხით მოკავშირედ შეიძლება ჩავთვალოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირი და ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს აქ ჭარბად არიან წარმოდგენილნი.
ყველამ უნდა გაიგოს და, პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს, რომ ხელისუფლების ცვალებადობის საარჩევნო გზის დამკვიდრებას ალტერნატივა არ აქვს, თუ ქვეყანა არ გადავა პროპორციულ სისტემაზე, რეალურად ვერ მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანაში არჩევნებს ატარებდეს არა შსს ან ძალოვანი სტრუქტურები, არამედ ობიექტური და ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია. ეს ორი უმთავრესი ამოცანა დგას დღეს ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ჩვენ მივაღწიოთ ერთ მიზანს - ხელისუფლება იყოს არჩეული არა ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილის მიხედვით, არამედ, შედეგი იყოს ისეთი, როგორი პოლიტიკური ნება არჩევნებზე გამოხატა ქართველმა ხალხმა.
დღეს, 2018 წლის არჩევნები ცალსახად შეფასდა, როგორც არჩევნები, სადაც ქართველი ხალხის ნება შედეგებში არ იქნა ასახული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში უზურპირებულია არჩევნების შედეგები და ხელისუფლება მიდის ტოტალურად ძალაუფლების უზურპაციის გზაზე, რასაც ქართველი ხალხი ნამდვილად არ დაუშვებს. ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად გონიერი და თანმიმდევრული იქნება იმ ნაბიჯებში, რაც არის საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს.
ჩვენი მხრიდან და აქ არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, ნაბიჯები ძალიან თანმიმდევრული იქნება. ხშირ შემთხვევაში რადიკალურიც კი. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. იქნება ეს 2020-ში თუ ვადამდელი, ამას დრო გვანახებს"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მისი თქმით, ოპოზიცია ყველა პოროცედურულ მექანიზმს გამოიყენებს, მათ შორის ხელმოწერების შეგროვებას, რომ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ცვლილება საკანონმდებლო დონეზე მოუწიოს“.
"მაშინ როცა ცვლილებების ინიცირებისთვის საჭიროა 200 000 ხმა, ჩვენ გაგვაჩნია ის რესურსი და მხარდაჭერა ქართველ ამომრჩეველში, რომ მილიონზე და უფრო მეტ მხარდამჭერის ხელმოწერაზე გავთვალოთ. პირობას გაძლევთ, ხელისუფლება მშვიდად ვერ იქნება. ჩვენ, საკანონმდებლო ინიცირების გარდა, აუცილებლად ჩავრთავთ იმ მექანიზმებს, როგორიცაა მშვიდობიანი, ხშირ შემთხვევაში, რადიკალური მეთოდები, თუნდაც ქუჩის გამოყენების და ასე შემდეგ... ანუ, ჩვენ მკაფიოდ ვყალიბდებით იმაზე, რომ ზეწოლის ყველა მექანიზმი იქნება გამოყენებული. რადგან საარჩევნო სისტემის ცვლილების ალტერნატივას ვერ ვხედავთ"- განმარტა ქარდავამ.
ედპ-ს ლიდერის თქმით, "გაკოტრებული „ქართული ოცნების" პირობებში, იმ ფონზე, როცა ივანიშვილისა და მისი გუნდის მხარდაჭერა მინიმალურ ნიშნულამდეა დასული არსებული საარჩევნო კანონმდებლობითაც შეიძლება "ქართული ოცნების" ხელისუფლების შეცვლა".
"თუმცა, ჩვენი ამოცანა არ არის ეს ერთი კონკრეტული არჩევნები. ჩვენი ამოცანაა ქვეყნის დაყენება იმ რელსებზე, რომელსაც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ვუწოდებთ"- განმარტა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები






