ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის არჩევის საკითხს გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშიას“ რიგებში გამოეხმაურნენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა მალაშხიამ განაცხადა, რომ ვენესუელის მაგალითი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია:
„მინდა, გამოვეხმაურო ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საქართველოსთან მიმართებაში. პირველ რიგში, საგულისხმოა ის, რომ ვენესუელასთვის უკვე ჩვეულებრივად ქცეული უპრეცედენტო მასშტაბებით გაყალბებული არჩევნები საბოლოოდ კრახით დასრულდა და შედეგი გამოიღო ოპოზიციის თანმიმდევრულმა მრავალწლიანმა სტრატეგიამ. მეორე მხრივ, უმნიშვნელოვანესია ის, რომ ხელისუფლების მიერ არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებასა და ოპოზიციის თანმიმდევრულ პოლიტიკას შესაბამისი საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა.
ვენესუელას მაგალითი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ბოლო ორ წელიწადში ვენესუელა სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა - მოსახლეობის 10%-ზე მეტმა დატოვა, შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გამო.
როგორც ვხედავთ, ვენესუელა და საქართველო დიდწილად ერთი და იმავე პრობლემების წინაშე დგანან. აქ ასევე უმნიშვნელოვანესია რუსეთის ფაქტორი. ვენესუელა გამოდის რუსული გავლენის სფეროდან. ეს ძალზე სერიოზული ასპექტია საქართველოსთან მიმართებაში, რადგან ვენესუელა შედის ქვეყნების იმ მცირე ჩამონათვალში, რომელთაც ქართველების მიმართ ჩატარებული ეთნოწმენდის ფონზე სახელმწიფოებად აღიარეს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს კუთვნილი ტერიტორიები.
ამგვარი საერთაშორისო ვითარების მიუხედავად, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარე და ე. წ. პრეზიდენტი ატარებენ პრორუსულ ხაზს და საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებენ. ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ასრულებს თავის „დანაპირებს.“ ივანიშვილმა საქართველო გეოპოლიტიკურ სოფლად გადააქცია და გააქრო ის საერთაშორისო რადარებიდან.
პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები დაკავებული არიან მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნვითა და შიდაპარტიული ინტრიგებით. ასე მაგალითად, ამ ხნის განმავლობაში არავის ახსოვს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის მიერ წამოყენებული რაიმე ინიციატივა. ასევე არანაირი დოკუმენტი არ შექმნილა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს მიერ. ამ თვალსაზრისით, სრულ უინიციატივობას ამჟღავნებს საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც არავითარ ნაბიჯს არ დგამს ოკუპირებულ ტერიტორიათა არაღიარების მიმართულებით. იუსტიციის სამინისტრო კი ყოველნაირად აფერხებს საერთაშორისო სასამართლოებში დაწყებულ დავებს. იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი როლი განსაკუთრებით ცხადად ჩანს რომის სტატუტის თანახმად დაფუძნებული ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან მიმართებაში.
ზემოჩამოთვლილ გარემოებათაგან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნებით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი გადარჩენის ერთადერთი გზაა”, - განაცხადა მალაშხიამ.
მასალის გამოყენების პირობები






