გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, გია ბარამიძე "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ წინა ხელისუფლება საქართველოში მაცხოვრებელ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მშვიდი თანაცხოვრებას ახერხებდა, რაც ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში შეიცვალა.
ხელისუფლების ოპონენტი, უსაფრთხოების სამსახურის სისტემურ ჩამოშლაზე ამახვილებს ყურადღებას და ამ უწყებებს პოლიტიკური დავალებების შესრულებასა და ოპონენტების დევნაში ადანაშაულებს.
"იმისთვის არსებობს მთავრობა, ხელისუფლება, სახელმწიფო, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი სტრუქტურები, რომ მწვავე კონფლიქტი, რომელიც წლებია არის ჩვენს ორ მეზობელ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოებს შორის, არ გადმოვიდეს საქართველოზე. აქამდე ქართული სახელმწიფო ახერხებდა, რომ საქართველოში მაცხოვრებელ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შეენარჩუნებინა მშვიდობა, ყარაბაღის კონფლიქტის ნიადაგზე არ ყოფილიყო არანაირი განხეთქილება და შფოთი. საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება არანაირი, და მით უფრო ამ საკითხის ირგვლივ რაღაცა ტიპის დესტაბილიზაცია და უთანხმოება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე"- აცხადებს გიორგი ბარამიძე.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას გააზრებული არ აქვს ის საფრთხეები, რაც შეიძლება მიხეილ ავაგიანისთვის ძეგლის დადგმის ცერემონიალზე უმრავლესობის დეპუტატი ენზელ მკოიანის დასწრებას შესაძლოა მოჰყვეს.
"აქამდე ამგვარი პრობლემები ჩვენი ქვეყნის წინაშე არ იყო. ახლა, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, ქვეყანაში მორღვეულია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დამცველი სტრუქტურების ეფექტიანი საქმიანობა, იმიტომ, რომ ნაცვლად საქმის შესაბამისი მიმართულებით კეთებისა, მათ სულ სხვა დავალებები აქვთ. ეს ხელისუფლება მხოლოდ დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით და არა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფით. შესაბამისად, ასეთი პრობლემები, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, შესაბამისი სტრუქტურების მიერ, ყოველგვარი ხმაურის გარეშე იყო მოგვარებული, დღეს მოქმედი ხელისუფლების პირობებში წინა პლანზე იწევს და ამ ყველაფერში ჩართულია "ქართული ოცნების" დეპუტატი" - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
მასალის გამოყენების პირობები






