საიუბილეო საღამოს გახსნის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელიც მიმოიხილავს პროფ. მარიამ გრიგალაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
საღამოს გაუძღვება თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი ჯონი ჯანაშია. ღონისძიების ბოლოს, პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი, "ჰიგია" გამართავს სპექტაკლს - "სიკვდილი ღრუბლებში".
პროფესორი მარიამ გრიგალაშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა რესპუბლიკურ სტომატოლოგიურ საავადმყოფოში ექიმ-ორდინატორად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტად, კათედრის დოცენტად, სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანად, ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის გამგედ. პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის საერთო საექიმო სტაჟი 57, ხოლო პედაგოგიური - 36 წელია. მ.გრიგალაშვილი არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის, ერთი მონოგრაფიისა და ერთი მეთოდური წერილის ავტორი.
ქალბატონი მარიამი აგრეთვე გახლავთ მეორე სამამულო ომის მონაწილე, დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით, მათ შორის "წითელი ვარსკვლავით" და " სამამულო ომის II ხარისხის ორდენით".
საქართველოს პრეზიდენტის მიერ პროფ. მ.გრიგალაშვილი დაჯილდოებულ იქნა ღირსების ორდენით.
მასალის გამოყენების პირობები






