დაუჭირეს თუ არა მხარი მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ევროსაბჭოში მიმდინარე კენჭისყრაზე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლებისგან პასუხი და განმარტებები მოითხოვა.
კაპანაძის თქმით, მმართველი გუნდმა უნდა განმარტოს, რა გახდა ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარის თქმა, იყო ეს რუსეთისთვის მაამებლური ნაბიჯი, თუ არსებობს სხვა მიზეზები.
კაპანაძის განცხადებას პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სერგი კაპანაძის განცხადებით გაკვირვებულია:
„ყველა საერთაშორისო ფორმატში აქტიურად ვმუშაობთ, რათა პარტნიორებმა კონკრეტული ზომები მიიღონ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. „მაგნიტსკის სიაზე“ ინიცირებული იყო ცვლილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც გულისხმობდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამატებას რეზოლუციაზე და ამ ცვლილების ინიციატორი დელეგაციის ოთხი წევრი იყო, რომელთა შორის იყვნენ დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე. ოპოზიციის მხრიდან ამ თემაზე ბრიფინგის ჩატარება გამაოგნებელია. სერგი კაპანაძის განცხადებით ძალიან გაკვირვებული დავრჩი, რადგან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა
ოპონენტები თემას იყენებენ პოლიტიკური ინტერესებისთვის, რაც გასაგები შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემთვის არ არის გასაგები, რადგან ფაქტია, რომ საერთო პოზიცია გვაქვს და ამ პოზიციით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოვდივართ. ამის დაბრალება უსინდისობაა“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






